
ევროპარლამენტში ცენტრისტულ-მემარჯვენე გერმანული დელეგაციის ხელმძღვანელის, ანჯელიკა ნიბლერის წინააღმდეგ გამოძიება იწყება. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, გამოძიება ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით დაიწყება და ევროპარლამენტის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი განიხილავს, მოხსნას თუ არა საპარლამენტო იმუნიტეტი ნიბლერს, „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრს.
როგორც გამოცემასთან ანონიმურობის დაცვით რამდენიმე ევროპარლამენტარი ამბობს, კომიტეტი მოსმენას ნიბლერის თანდასწრებით გამართავს, თუმცა გადაწყვეტილება შესაძლოა, თვეები არ გამოცხადდეს. ერთ-ერთი წყაროს თქმით, ნიბლერს ევროკავშირის საზოგადოებრივი პროკურატურის ოფისმა ბრალი დასდო ასისტენტების დაქირავებაში, რომლებიც ნიბლერის კერძო საქმეებს ასრულებდნენ, რაც არ იყო დაკავშირებული ევროპარლამენტის საქმიანობასთან.
ევროპარლამენტის წესების მიხედვით, ასისტენტები უნდა მუშაობდნენ მხოლოდ საპარლამენტო საქმეებზე, მაგრამ, როგორც წყარო ამბობს, ნიბლერი ამ ფულს პირად საჭიროებებსა და სხვა ევროპარლამენტარის დასახმარებლადაც იყენებდა.
„ბრალდებები უსაფუძვლოა. მსურს, რომ საქმის ფაქტები რაც შეიძლება სწრაფად და სრულად გაირკვეს. მე სრულად დავუჭერ მხარს გამოძიებას“, – განაცხადა ძლიერი ცენტრისტულ-მემარჯვენე გერმანული დელეგაციის ხელმძღვანელმა „პოლიტიკოსთან“.
ნიბლერი არის ქრისტიან-სოციალური კავშირის წევრი, რომელიც მჭიდრო ალიანსშია გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიასთან.
0
0