
ევროკავშირის 27 ქვეყნის მიერ გამოცხადებულ დემარშს, რომელიც დღეს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰერჩინსკიმ გაახმოვანა, "უნგრეთიც შეუერთდა”, ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა” იტყობინება.
როგორც გამოცემა წერს, “უნგრეთმა ეს გადაწყვეტილება პოლონეთის ზეწოლის შემდეგ მიიღო”.
საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ მიღებულ დოკუმენტს, რომლის ინიციატორი ოფიციალური ვარშავაა და რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.
უკრაინული მედია წერს, რომ ელჩმა ჰერჩინსკიმ ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით, დემარში დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრს თბილისში გადასცა.
“დემარშში საუბარია მოწოდებაზე, რომ სასჯელისგან გაათავისუფლონ სააკაშვილი და პოლონეთში მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეს”, ციტირებს უკრაინული მედია.
მედია ამავე ინფორმაციაში წერს, რომ 10 თებერვალს, ევროკავშირის სამიტზე პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი მზად არის სააკაშვილი სამკურნალოდ მიიღოს.
„ჩვენ გვეშინია, რომ სააკაშვილს საქართველოში უარესი მოელის“, - განაცხადა მან.
თუმცა მაშინ პოლონეთის მიერ ინიცირებულ საპროტესტო აქციას, უნგრეთის გარდა, მალევე შეუერთდა ყველა ქვეყანა. უნგრეთმა მაშინ ეს დემარში “დაბლოკა”, წერს “უკრაინსკაია პრავდა”.
მედია აღნიშნავს, რომ ამ ტიპის ოფიციალური პროტესტი (დემარში დიპლომატიურ ენაზე) მოითხოვს ერთსულოვნებას. საბოლოოდ, უნგრეთმა - პოლონეთისა და სხვა ქვეყნების ზეწოლის გამო - უკან დაიხია და დემარშს, სხვა დანარჩენ 26 ქვეყანასთან ერთად, შეუერთდა", აღნიშნავს “უკრაინსკაია პრავდა”.
0
0
37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
09/04/2026