
უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსული რაკეტა კიევის პოდოლის რაიონში მდებარე ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა. დედაქალაქზე თავდასხმას ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 46 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია კიევის მერზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი. მისივე თქმით, პოდოლის რაიონის გარდა, ნამსხვრევები სხვა ლოკაციებზეც, მათ შორის ავტოფარეხების კოოპერატივის ტერიტორიაზეც ჩამოცვივდა.
გოლოსეევის რაიონში ხანძარი გაჩნდა ხუთსართულიან შენობაში, არასაცხოვრებელ ზონაში, საწყობსა და ღია ტერიტორიაზე. გარდა ამისა, პოდოლის რაიონში, საცხოვრებელ სახლებში ხანძარი ერთდროულად ოთხ სხვადასხვა ადგილზე გაჩნდა, ხოლო დარნიცის რაიონში ნგრევა და ხანძარი დაფიქსირდა – მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები სამ სხვადასხვა ლოკაციაზე დაზიანდა.
0
0