
საქართველოსა და ჩინეთს შორის ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჩინეთში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მმართველ პარტიებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებაც.
„სტრატეგიულმა თანამშრომლობამ თავისი დინამიკა და პოზიტივი შემოიტანა ამ მიმართულებით. ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, მათ შორის, მმართველ პარტიებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებაც, განსაკუთრებით, ჩინეთის მმართველობის სტილიდან და კონსტიტუციიდან გამომდინარეა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ ქვეყნებს შორის შემდგომი ურთიერთობების გაღრმავებისთვის. რა თქმა უნდა, ეს მოიცავს ურთიერთობის ყველა სფეროს – ეკონომიკას, ვაჭრობას, ლოგისტიკას და ჰუმანიტარულ სფეროებსაც. ახლა ჩვენ ვიმყოფებით პეკინის ქალთა უნივერსიტეტში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა, სადაც ხდება ყველა მიმართულებით განათლების მიღება ქალებისთვის. ამავდროულად, ჩვენი დელეგაცია დიდ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდულ მოძრაობებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებას“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ქართულ დელეგაციას შეხვედრები ასევე დაგეგმილი აქვს ჩინეთის ინდუსტრიულად განვითარებულ ერთ-ერთ ქალაქშიც.
„ჩინეთი გამორჩეულია თავისი ინდუსტრიული და ტექნოლოგიური მიმართულებით და ამ მიმართულებითაც ჩვენ გვაქვს შეხვედრები დაგეგმილი ჩინეთის ერთ-ერთ ინდუსტრიულად განვითარებულ ქალაქში. რა თქმა უნდა, ერთი ძირითადი შეხვედრა, ეს არის ჩინეთის მმართველი პარტიის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტთან, რომელიც განსაზღვრავს ძირითადად ჩინეთის საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებს. ამ მხრივ ჩვენი შეხვედრები და დიალოგი არის მნიშვნელოვანი ჩვენ ქვეყნებს შორის შემდგომი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის გასაგრძელებლად და გასაღრმავებლად. აღსანიშნავია ერთი რამ, რომ ჩინეთი პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობებში ძირითადად აქცენტს აკეთებს მათ საქმეებში ჩაურევლობაზე, სუვერენიტეტის პატივისცემაზე და ურთიერთსასარგებლო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე. ასე რომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ამ ურთიერთობების და ხიდების გაბმა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
0
0