
ვხედავთ, რომ ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ჩვენ სხვადასხვა წყაროდან მოგვდის ინფორმაცია, რომ ბრიუსელიდან არის პირდაპირი მითითებები დედაქალაქებში, რომ არ იყოს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან - სასწაულია, ასეთ მავნებლობას, როგორ შეიძლება ჩადიოდეს ორგანიზაცია, რომელიც მშვიდობის პროექტად სახელდებოდა,- ამის შესახებ ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელი დღეს ცდილობს საქართველოსა და ქართველი ხალხის დაზიანებას მხოლოდ იმიტომ, რომ 2024 წლის არჩევნებში ვერ შეძლეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოყვანა.
„გვქონდა პარლამენტში შეხვედრები, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან, მთავრობის წევრებთან შეხვედრები, პირველ ვიცე- პრემიერთან, თავდაცვის სამინისტროს შეხვედრები და ყველგან საუბარი გვქონდა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, ვინაიდან ვხედავთ, რომ ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ჩვენ სხვადასხვა წყაროდან მოგვდის ინფორმაცია, რომ ბრიუსელიდან არის პირდაპირი მითითებები დედაქალაქებში, რომ არ იყოს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან. საბედნიეროდ, ევროკავშირში ჯერ კიდევ ბევრია ნამდვილი ევროპელი და ბრიუსელის ამ მართლა საბჭოთა მიდგომას არ იზიარებს ყველა. ამიტომ, ჩვენთვის ეს არის დღეს მთავარი და ფასეული, რომ ბრიუსელის ამ ანტიქართულ პოლიტიკას არ გადაჰყვეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობები. სამწუხაროა, რომ ბრიუსელი ცდილობს დღეს საქართველოსა და ქართველი ხალხის დაზიანებას, იმიტომ, რომ 2024 წელს მათ დაიჭირეს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხარე და სურდათ მათი დაბრუნება ხელისუფლებაში, დამარცხდნენ მათ მიერვე რეფერენდუმად გამოცხადებულ არჩევნებში და რასაც ჩვენ ვუყურებთ 2 წელი, ეს არის შურისძიება ქართველ ხალხსა და საქართველოზე იმისთვის, რომ არადემოკრატიული მეთოდებით და არჩევნების გვერდის ავლით, ხელისუფლებაში მოიყვანონ „კოლექტიური ნაციონალური“ მოძრაობა. ამიტომ, დღეს ჩვენი ამოცანაა, რომ ამ მავნე პოლიტიკის ფონზე, რომელსაც ბრიუსელი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს, არ დავკარგოთ ორმხრივი ურთიერთობები და პირიქით, გავაღრმაოთ ისინი ჩვენს ორმხრივ პარტნიორებთან. ჩვენ, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი რგოლი, მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნის ეკონომიკურ თუ ენერგო უსაფრთხოებაში. მათ შორის, ჩეხეთის შემთხვევაშიც, ჩეხეთი ნედლი ნავთობის იმპორტის 40%-ს იღებს აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით. სულ ახლახან გაფორმდა ჩეხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელშეკრულება გაზის მიწოდებაზე, რომელიც, ასევე, საქართველოს გავლით შუა დერეფნით ჩავა ჩეხეთში, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ორმხრივი ურთიერთობები იყოს რაც შეიძლება ახლო და მეგობრული. ჩვენ ყველას ვაჩვენებთ საიმედო პარტნიორობას ჩვენი მხრიდან და გვიხარია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკასთანაც სათანადო პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს.
სასწაულია, საერთოდ რომ ვხედავთ ასეთ მავნებლობას, როგორ შეიძლება ჩადიოდეს ორგანიზაცია რომელიც მშვიდობის პროექტად სახელდებოდა და მშვიდობის დიალოგის და თანამშრომლობისთვის შეიქმნა და დღეს ცდილობს დააზიანოს კანდიდატი ქვეყანა იმის გამო, რომ არჩევნების დროს „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ვერ მოიყვანეს ხელისუფლებაში“.- განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0