11/12/2023
22:34
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერმინისტრობა მიულოცა. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა. ზელენსკის თქმით, უკრაინისა და პოლონეთის მომავალი საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიანობაში, ურთიერთდახმარებასა და სტრატეგიულ პარტნიორობაშია.
"ვულოცავ დონალდ ტუსკს სეიმის მიერ პოლონეთის პრემიერმინისტრად არჩევას. უკრაინისა და პოლონეთის მომავალი ერთიანობაში, ურთიერთდახმარებასა და სტრატეგიულ პარტნიორობაშია, რათა დავამარცხოთ ჩვენი საერთო მტერი. როდესაც ჩვენ ერთად ვდგავართ, ჩვენი ორივე ერის თავისუფლება დაუმარცხებელია. ვაფასებთ პოლონეთის მხარდაჭერას. ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს და მთელ ევროპას. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა და პოლონეთი ერთგულები დარჩებიან გლობალური თავისუფლების დაცვის საქმეში." - წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, პოლონეთის სეიმმა ორშაბათს გამართულ სხდომაზე ახალ პრემიერ-მინისტრად, პროევროპული „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერი დონალდ ტუსკი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარტიათა კოალიციამ, რომელსაც პარლამენტის ქვედა პალატაში ხმათა უმრავლესობა აქვს.
248 დეპუტატმა ხმა მისცა ტუსკს, 201 წინააღმდეგი, თავი არავის შეუკავებია. მანამდე, ორშაბათს, დეპუტატებმა უარი თქვეს მატეუშ მორავიეცკის დროებითი მთავრობის მუშაობის გაგრძელებაზე.
პოლონეთის სეიმმა უარი თქვა დროებითი მთავრობის მუშაობის გაგრძელებაზე. მორავიეცკის კონსერვატიულმა პარტიამ, „კანონმა და სამართალმა“, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე უფრო მეტი ხმა (35.38%) მიიღო, მაგრამ ვერ შეძლო მთავრობის ფორმირებისათვის საკმარისი მანდატების რაოდენობის მობილიზება.
66 წლის დონალდ ტუსკი უკვე ხელმძღვანელობდა პოლონეთის მთავრობას 2007-2014 წლებში. ის ორჯერ აირჩიეს ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ, ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოში.
0
0