
ერთ კვირაში, პირველ ოქტომბერს გადის ხუთი წელი, რაც დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების შემქმნელი და საქართველოში ეპოქალური ცვლილებების ავტორი მიხეილ სააკაშვილი პუტინის ინსტრუქციით ზის ციხეში, დაჭერილია ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმის მიერ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ფავლენიშვილის თქმით, მოუწოდებს ყველას, ვისაც გააზრებული აქვს მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელობა, 19:00 საათზე ე.წ. რიყის დოქებთან შეიკრიბონ.
„ქვეყნის ფარგლებს გარეთ და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, შიგნით, დღეს უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ ის ცხრა წელი იყო აღმშენებლობის წელი და არა, როგორც წლების განმავლობაში „ოცნების“ პროპაგანდის მიერ იყო შეფასებული. ახლა კი არის ნგრევის 14 წელი. ამიტომ, ყველა იმ ადამიანს, ვისაც გააზრებული აქვს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ცხრა წელი, ინსტიტუციების მშენებლობა, ტურიზმის განვითარება, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძლიერი ქართული სახელმწიფოს რწმენის დაბრუნება თითოეული ქართული ოჯახისთვის, ვისაც გააზრებული აქვს მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელობა, ყველას მოვუწოდებ, შევიკრიბოთ 19:00 საათზე რიყის ე.წ. დოქების იმ შენობასთან, რომელიც ისე გაავერაგეს და გააპარტახეს, როგორც ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გაგვიუქმეს ამერიკასთან პარტნიორული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, შეწყდა ევროპული ინტეგრაცია, შობადობა ისტორიულ მინიმუმზე, მიგრაცია ისტორიულ მაქსიმუმზეა, ბავშვებს წამლავენ, სკოლები ინგრევა და ამ ყველაფრის შესაჩერებლად აუცილებელია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
0
0