
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით შექმნილი ე.წ. მშვიდობის საბჭო საერთაშორისო საზოგადოებისგან, ღაზის სექტორის აღსადგენად შემუშავებული პროგრამისთვის, 2.45 მილიარდი დოლარის მობილიზებას იმედოვნებს. გაერო-ს გენერალური ასამბლეის პარალელურად გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე, საბჭოს წარმომადგენლებმა, ღაზის სექტორის პოსტკონფლიქტური აღდგენის ფართომასშტაბიანი გეგმა წარადგინეს, რომელიც 6-თვიანი გარდამავალი პერიოდისთვის, 66 ცალკეულ პროგრამასა და პროექტს მოიცავს და მიმართულია ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული და ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად.
საბჭოს მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, ღაზაში კონფლიქტის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 35.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო რეგიონის სრულფასოვანი აღდგენა მომდევნო 10 წლის განმავლობაში ჯამში დაახლოებით 71.4 მილიარდი დოლარი დაჯდება. ამ დროისთვის კი, მხოლოდ 280 მილიონი დოლარის უზრუნველყოფა მოხდა. 6-თვიანი გეგმის ძირითად პრიორიტეტებს შორისაა, ინფრასტრუქტურის აღდგენა. მათ შორის, წყალმომარაგების, კანალიზაციის, ელექტროენერგიის, გზების, ჰოსპიტლების აღდგენა. უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისთვის დროებითი თავშესაფრების მოწყობა და ქუჩების ნანგრევებისგან გაწმენდა, რათა სამშენებლო ტექნიკის გადაადგილება გახდეს შესაძლებელი. სპეციალური ეკონომიკური ზონების შექმნა, სამუშაო ადგილებისა და ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირება. „საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების“ განთავსება, ადგილობრივი პოლიციის გადამზადება და „ჰამასის“ მიერ იარაღის ჩაბარების უზრუნველყოფა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები და მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის ტრამპის სიძე და მრჩეველი ჯარედ კუშნერი, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი და ღაზის საკითხებში საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლაი მლადენოვი.
მიუხედავად დეტალურად გაწერილი 66-პუნქტიანი გეგმისა, საერთაშორისო დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ინიციატივა უზარმაზარ პოლიტიკურ და უსაფრთხოების გამოწვევებს აწყდება. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის არამდგრადობა და ისრაელის მკაცრი კონტროლი რეგიონზე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმას, თუ რამდენად სწრაფად შეძლებენ დონორები და საბჭო დაპირებული თანხებისა და მასალების ადგილზე შეტანას.
0
0