29/01/2023
20:09
სხვადასხვა
რა გახსენდებათ, როცა ბერძნულ-რომაულ ქანდაკებებზე ფიქრობთ? გასაკვირი არაა, თუ თვალწინ მოჩვენებასავით გაფითრებული, რძისფერი და მოჩვენებასავით თეთრი სხეულები წარმოგიდგებათ. მაგრამ, ალბათ გაგიკვირდებათ, როცა გეტყვით, რომ სინამდვილეში, ის თეთრი მარმარილო, რომელიც ჩვენ წარმოდგენაში ასე გამჯდარი გვაქვს, სანამ ქანდაკებები მიწაში ასობით და ათასობით წელი ჩაეფლობოდნენ, ან ხმელთაშუა ზღვის კლიმატით გამოწვეული ეროზია მათ ზედაპირს შელახავდა,- საღებავების საბაზისო, ქვედა ფენას წარმოადგენდა.
ქანდაკებები მოხატულები იყვნენ - ეგვიპტური ლურჯით, ტირიული იისფერით, ვერცხლისწყლიანი მაჰოგანური წითლით და ოქროს ფურცლებით. ქანდაკებები ისეთი ოსტატობით იხატებოდა, რომ ქუჩაში განლაგებული ქანდაკებებისა და ადამიანების დაბალ შუქში გარჩევა რთული იყო.
რატომ ჭირს ამის დაჯერება? ან რატომ არ ვიღებთ სიმართლეს, რომელსაც უამრავი მტკიცებულება გააჩნია? რაში გვაწყობს ეს ტყუილი? თუ აღვადგენთ ფერს ფრესკებში, რატომ გავხადეთ ბერძნულ-რომაული ქანდაკებები გამონაკლისი?
ახალგაზრდა მამაკაცის თავი, რომი, იტალია. აღმოჩენილია პიაცა დანტეში.
ფერის აღმოჩენა და ფერის უარყოფა
საუკუნეების განმავლობაში, აღმართული ქანდაკებების ფერადი მოხატულობა ცვდებოდა და ქრებოდა. დამარხული ქანდაკებები საღებავს უკეთესად ინახავდნენ, თუმცა აღმოჩენის შემდეგ, ჭუჭყისა და კალციტების მოშორებისთვის წმენდისას, ის შემორჩენილი პიგმენტებიც წყალს მიჰქონდა. ხანდახან, საღებავები რელიეფურ ზედაპირზე და ღრმულებში რჩებოდა. თუმცა, მტკიცებულებას რა აზრი ჰქონდა, როცა სიმართლის დაჯერება არავის სურდა?
იოჰან ვინკელმანი, მე-18 საუკუნის გერმანელი არქეოლოგი და ხელოვნების ისტორიის ფუძემდებლად წოდებული პოლიქრომიის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე იყო. მისი სიტყვებია: „რაც უფრო თეთრია სხეული, მით უფრო მშვენიერია ის.“ მე-18 საუკუნის შუაში, როცა პომპეის და ჰერკულანუმის ნანგრევების არქეოლოგიური გათხრა პირველად განხორციელდა, ვინკელმანმა არტემისის ქანდაკებაზე წითელი თმა, სანდლები და საისრე შენიშნა. მან მტკიცებულების მიღების მაგივრად, ის თავისივე ცრურწმენას მოარგო და განაცხადა, რომ არტემისი არა ბერძნული, არამედ ეტრუსკული, უფრო ძველი და ნაკლებად განვითარებული ცივილიზაციის შემოქმედება იყო.
მე-19 საუკუნეში ტრაიანეს სვეტის, პრიმა-პორტას ავგუსტუსის და ალექსანდრე მაკედონელის სარკოფაგის შესწავლის და აკროპოლისის გათხრების შემდეგ, სითეთრის ტყუილი უნდა გაშიფრულიყო, თუმცა ეს სასარგებლო ტყუილსაც დაემუქრებოდა.
მარცხნივ: (სავარაუდოდ) ტროას პრინცი პარიზი, დაახლოებით ძვ. წ. 500. მარჯვნივ: შეფერადებული ასლი გამოფენიდან “ღმერთები ფერებში"
„ველურ ერებს, გაუნათლებელ ხალხს და ბავშვებს ძლიერი მიდრეკილება აქვთ კაშკაშა ფერებისადმი.“ - გოეთე
„დახვეწილი ადამიანები მკვეთრ ფერებს ერიდებიან თავიანთ ჩაცმულობასა და მათ გარშემო ნივთებში.“ - გოეთე
დასავლური ცივილიზაციის საძირკველი ბერძნული ცივილიზაციაა. დასავლური დახვეწილობისა და სილამაზის ეტალონი ბერძნულ-რომაულ ქანდაკებებსა და ხელოვნებაზეა დაფუძნებული. ამ მაგალითით ხელმძღვანელობდნენ დიადი ფილოსოფოსები. თუ ქანდაკებების უფერულობა ტყუილი აღმოჩნდებოდა, მთელი მათი წარმოდგენა „დასავლურ“ კულტურაზე დაიმსხვრეოდა და ევროცენტრულ აზროვნება საძირკველზე ჩამოიშლებოდა. ამიტომაცაა რომ, თავიდან ბევრმა, ძვალში გამჯდარი ფილოსოფიის უარყოფას, საწინააღმდეგო სიმართლის უარყოფა არჩია.
მარცხნივ: ძველბერძნული სამგლოვიარე ქანდაკება, დაახლოებით ძვ. წ VI საუკუნე. მარჯვნივ: ქანდაკების შეფერადებული ასლი, 2010
ანუ ბერძნულ-რომაული საზოგადოება ბევრად მრავალფეროვანი იყო
ქანდაკებებს მარტო თეთრ ადამიანებს არ უდგამდნენ.
რომაულ-ეგვიპტური ფაიუმის პორტრეტი
რომაელები ადამიანებს კანის ფერის მიხედვით არ განასხვავებდნენ. ამის საბუთად შეიძლება ანტიკური ლარნაკები და ფაიუმის პორტრეტები მოვყვანოთ, რომლებზეც სხვადასხვა კანის ფერის ადამიანები არიან გამოსახულები.
პირიქით, თეთრი კანი არამამაკაცურად მიიჩნეოდა და უპირატესობა ბრინჯაოსფერ, გარუჯულ კანს ენიჭებოდა, რომელიც კაცის ფიზიკური და გონებრივი სიძლიერის ნიშანი იყო.
ზოგიერთ ქანდაკებას აფრიკული სახის ნაკვთები აქვს, რაც მათ არაევროპულ წარმომავლობაზე მიგვანიშნებს. ეს სხვა მსჯელობის საგანია.
ამის მიუხედავათ, დასავლურმა საზოგადოებამ თეთრის პირველობა იწამა და კლასიკური იდეალის მთავარი თვისება სითეთრე გახადა. ფერი გაირიყა, როგორც რაღაც უცხო, უგემოვნო და დაუხვეწავი.
“cui bono?” – და ვის სასარგებლოდ?
ისევე როგორც მონობას ამართლებდნენ ანტიკურ ცივილიზაციებში მონობით, ისე ამართლებენ ბერძნულ-რომაული ქანდაკებებით ეთრნოცენტრიზმს და თეთრების ბატონობას.
მე-20 საუკუნეში, იტალიაში და გერმანიაში ფაშისტების დაკვეთით თეთრი მარმარილოს ქანდაკებები იქმნდებოდა სხეულის იდეალების წარმოსაჩენად.
ამერიკაში ნეონაცისტური თეთრების ბატონობის მხარდამჭერი ორგანიზაცია „Identity Evropa” თავის სიმბოლოდ ანტიკური ხანის თეთრ ქანდაკებებს იყენებს.
მითი, რომ ქანდაკებები სულ უფერულები იყვნენ, ისევ და ისევ რასისტებს და ევროცენტრული იდეოლოგიით მოსარგებლე ადამიანებს აწყობთ.
მართლა რთულია იმის გააზრება, თუ რამდენად დიდი გავლენა აქვს ბერძნულ-რომაული ქანდაკებების უფერულობაზე ამ მცდარ წარმოდგენას.
ფერაღდგენილი ქანდაკებების ასლები უცნაურად, ან სულაც უგემოვნოდ ხომ არ გეჩვენებათ? მაშინ, რატომ არ გეუცნაურებათ ნეფერტიტის ბიუსტისა და ეგვიპტური ქანდაკებების სიფერადე?
წყაროები: “The Myth of Whiteness in Classical Sculpture,” “Whitewashing Ancient Statues: Whiteness, Racism, And Color In The Ancient World,” “Whitewashing in Ancient European Statues,” “The White Lie: Questioning the Legacy of ‘Whitewashing’ Ancient Sculpture”
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0