
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ (SAPO) კიევში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს, რომელსაც უკრაინელი პარლამენტარი ანა სკოროხოდი ხელმძღვანელობდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ის დიდი ოდენობის ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველმა პარლამენტარის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, პარლამენტარმა თანამზრახველებთან ერთად, ქრთამის სახით ბიზნესმენისგან 250 000 დოლარი მიიღო.
უკრაინულ მედიის ცნობით, 2019 წლის 14 ნოემბერს, პარლამენტარმა პარტიიდან „ხალხის მსახური“, ანა სკოროხოდმა ხელისუფლება დაადანაშაულა თავისი მეუღლის, ალექსეი ალიაკინის დაკავებაში, რადგან მან ფრაქციის პოზიციის წინააღმდეგ მისცა ხმა.
ამავდროულად, ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ სკოროხოდი ქრთამის აღებაში დაადანაშაულა. არახამიამ ასევე განაცხადა, რომ სკოროხოდი რადაში „კონკრეტული ოლიგარქიული ჯგუფების“ ინტერესებს ლობირებდა. შემდეგ „ხალხის მსახურმა“ სკოროხოდის პარტიიდან გარიცხვა გადაწყვიტა. შემდგომში ის საპარლამენტო ჯგუფის „მომავლის პარტიის“ წევრი გახდა, რომელიც ოლიგარქ იგორ კოლომოისკისთან ასოცირდება.
0
0