
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ ფედერალურ სამართალდამცავ ორგანოებს დაავალა, გააძლიერონ გამოძიება ანტიფაშისტურ მოძრაობა „ანტიფასა” და მსგავსი „ექსტრემისტული ჯგუფების“ მიმართ.
ამასთან, ბონდიმ ასევე აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსგან მოითხოვა იმ ორგანიზაციების სიის შედგენა, რომლებიც შესაძლოა, ჩართული იყვნენ შიდა ტერორიზმში.
როგორც „როიტერი” წერს, მემორანდუმი, რომელიც გაეგზავნათ პროკურორებსა და ფედერალურ სამართალდამცავ სააგენტოებს, ავალებს იუსტიციის დეპარტამენტს პრიორიტეტად აქციოს შიდა ტერორიზმის ფაქტების გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა, მათ შორის ნებისმიერი პოტენციური „საგადასახადო დანაშაული”, რომელშიც „ექსტრემისტული ჯგუფები” მონაწილეობენ.
„ეს შიდა ტერორისტები ძალადობას ან ძალადობის მუქარას იყენებენ პოლიტიკური და სოციალური დღის წესრიგის წინ წასაწევად, მათ შორის კანონისა და საიმიგრაციო კანონმდებლობის აღსრულების წინააღმდეგ, მასობრივი მიგრაციისა და ღია საზღვრების სასარგებლოდ ექსტრემალური შეხედულებებისთვის, რადიკალური გენდერული იდეოლოგიის, ანტიამერიკანიზმის, ანტიკაპიტალიზმის ან ანტიქრისტიანული შეხედულებების დაცვისთვის“, – წერს პემ ბონდი მემორანდუმში, რომელსაც „როიტერი” გაეცნო.
მისივე თქმით, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს სამუშაო ჯგუფებმა უნდა მიიჩნიონ პრიორიტეტად ასეთი ქმედებების გამოძიება.
ბონდიმ ასევე უბრძანა ფედერალურ სამართალდამცავ სააგენტოებს, გადახედონ თავიანთ არქივებს ნებისმიერი სადაზვერვო მასალის პოვნის მიზნით, რაც მათ შესაძლოა, ჰქონდეთ „ანტიფას” შესახებ და მიაწოდონ გამომძიებლებს.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს სამუშაო ჯგუფებს ასევე მოეთხოვებათ, გამოიძიონ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მომხდარი ინციდენტები, რომლებიც შესაძლოა, შიდა ტერორიზმის ფაქტებს წარმოადგენდეს.
0
0