
მსახიობ ჰალიტ ერგენჩს, რომელიც თურქულ სერიალ „დიდებული საუკუნეში“ სულთან სულეიმანის როლს ასრულებდა, სტამბოლში გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით პატიმრობა მიესაჯა, იტყობინება Anadolu Agency.
„სასამართლომ ბრალდებულ ჰალიტ ერგენჩს ორი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“, - ნათქვამია სტატიაში.
აღსანიშნავია, რომ სასამართლომ, ერგენჩის სასამართლო პროცესის განმავლობაში სამაგალითო ქცევის გათვალისწინებით, სასჯელი ერთ წლამდე და ათნახევარ თვემდე შეამცირა. დაკონკრეტებულია, რომ თურქული სერიალის ვარსკვლავი ცრუ ჩვენების მიცემაში დამნაშავედ ცნეს, თუმცა თავად მსახიობმა დანაშაული არ აღიარა.
განაჩენი 2013 წელს სტამბოლის ცენტრში, გეზი პარკში გამართული საპროტესტო აქციების საქმეზე გამოიტანეს, წერს სტატიის ავტორი. ბრალდების დოკუმენტში ნათქვამია, რომ გამომძიებლებმა ჰალიტ ერგენჩის პასუხი კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას კონტაქტი გეზის ინციდენტების საქმეში ბრალდებულ გაქცეულ პირთან, წინააღმდეგობრივად მიიჩნიეს.
2013 წელს სტამბოლში საპროტესტო აქციები დაიწყო მთავრობის გადაწყვეტილების გამო, ტაქსიმის რაიონში გეზი პარკი გაეჩეხათ და მის ადგილას სავაჭრო და გასართობი კომპლექსი აეშენებინათ. მომიტინგეებს მხარი დაუჭირეს თურქეთის პროვინციების ნახევარმა და ევროპის ქვეყნებში მცხოვრებმა თურქებმა. პროტესტი პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოლიტიკის წინააღმდეგ დემონსტრაციების ტალღაში გადაიზარდა. არეულობას მაშინ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.
0
0
საბურთალოზე მამაკაცი დაჭრეს
28/05/2025