
თურქეთის ხელისუფლებამ ამერიკელი ლგბტქ+ ტურისტებისთვის განკუთვნილ საკრუიზო გემს ქვეყნის პორტებში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
როგორც კომპანია Atlantis Events-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩ კემპბელმა განაცხადა, გადაწყვეტილების მიზეზად ოფიციალურმა პირებმა „მორალური სტანდარტები“ და „ოჯახური ღირებულებები“ დაასახელეს.
„სიენენის“ ცნობით, კრუიზი, სახელწოდებით „ათენიდან ვენეციამდე“, საბერძნეთიდან 5 ივლისს უნდა გამგზავრებულიყო. გეგმის მიხედვით, გემი ორი დღის შემდეგ თურქეთის საპორტო ქალაქ კუშადასში უნდა შესულიყო, შემდეგ კი სტამბოლში ჩასულიყო. თუმცა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ღონისძიება გააუქმა და მიზეზად განაცხადა, რომ გემი იმ ჯგუფების მიერ იყო დაქირავებული, რომელთა ქცევაც „მათი საზოგადოების მორალურ საფუძვლებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება“.
ხომალდზე, სახელწოდებით Scarlet Lady სულ 1 900-მდე მგზავრია, მათგან დაახლოებით 1 100 არის აშშ-ის მოქალაქე, დანარჩენები კი, არიან დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
Atlantis Events-ის ინფორმაციით, თურქეთის ნაცვლად გემი მარშრუტს შეცვლის და კაიროსა და კუნძულ კრეტაზე გაჩერდება.
კომპანიის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩ კემპბელმა „სიენენთან“ საუბრისას ანკარას გადაწყვეტილებას „გამაოგნებელი“ უწოდა. მისი თქმით, 36-წლიანი საქმიანობის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანიას პორტში შესვლაზე უარი მგზავრების იდენტობის გამო უთხრეს.
კემპბელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ Atlantis Events პოლიტიკური ორგანიზაცია არ არის და მათი მიზანი მხოლოდ მოგზაურობა, ექსკურსიებზე დასწრება და ადგილობრივი კულტურისადმი მაქსიმალური პატივისცემის გამოხატვაა.
0
0