ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება პოლიტიკური დისკუსიის თემაა. გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გზაზეა, კონკრეტული ვალდებულებები არსებობს. ევროკავშირის წევრობით კი, ფაქტობრივად ქვეყანა თმობს სუვერენიტეტის ნაწილს და ორივე ერთად ვერ გექნება.
ლანდსბერგისის განცხადებაზე შეკითხვები არ აქვთ ოპოზიციაში.
"ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. თუ პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია ნიშნავს სუვერენიტეტის დათმობას, კიდევ ერთხელ ვეკითხები, რატომ შეიტანეს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე? გააკეთონ განცხადება, რომ გამოაქვთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, იმიტომ, რომ ევროკავშირში ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაწევრიანდება თუ სრულ შესაბამისობაში არ მოიყვანს საკუთარ კანონმდებლობას ევროკავშირთან,“ - აცხადებს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირი არის ნებაყოფლობითი დათმობა რაღაც უფლებებისა.
"ეს ძალიან ელემენტარული რაღაცაა. როდესაც ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებებს ვიღებთ და ზოგ შემთხვევაში საერთაშორისო ვალდებულება უფრო მაღლა დგას როგორც ნორმატიული აქტი, როგორც კონსტიტუცია, ბუნებრივია, რომ საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილს ნებაყოფლობით ფლობ. ევროკავშირი არის ნებაყოფლობითი დათმობა რაღაც ასე ვთქვათ უფლებებისა, და თუ არ გინდა, არავინ არ გეხვეწება. პირიქით, იქით ვეტენებით, არავინ არ გვექაჩება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
0
0