
მე ვერ დაგიდასტურებთ [მართლმადიდებლობის] სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას გეგმავს თუ არა “ქართული ოცნება” - ეს საკმაოდ სენსიტიური საკითხია, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მმართველმა გუნდმა საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა.
მისივე თქმით, ჯერ შუამავლობაზე და რაიმე ტიპის კონცეფციის კონკრეტულ წარმოდგენაზე საუბარი არ ყოფილა.
„ჩვენი პარტიის, ხელისუფლების ლიდერებმა მკაფიოდ მოგვახსენეს, რომ ამის შესახებ მსჯელობა მომდინარეობს. ჯერ შუამავლობაზე, რაიმე ტიპის კონცეფციის კონკრეტულ წარმოდგენაზე საუბარი არ ყოფილა.
მე ვერ დაგიდასტურებთ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას გეგმავს თუ არა „ქართული ოცნება“ - ეს საკმაოდ სენსიტიური საკითხია. ბუნებრივია, რომ ნებისმიერ ცვლილება, რომელიც კონკორდატის მიღმა მოხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი და დოკუმენტია ქართულ კონსტიტუციაში, ამის მიღმა თუ რაიმე დაიცავს საქართველოში წმინდა სამოციქულო ეკლესიასა და მის მრევლს, ბუნებრივია, მოხდება უკიდურესად მჭიდრო კონსულტაციებით წმინდა სინოდთან, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან და ყველა იმ სასულიერო პირთან, ვისაც შეუძლია ამის ირგვლივ გაუწიოს კონსულტაცია ამ თემაზე მომუშავე ჯგუფს.
სახელმწიფო რელიგია ყოველთვის სეკულარული სახელმწიფოდან თეოკრატიაზე გადასვლას არ ნიშნავს. მაგრამ ბუნებრივია, ყველა ასეთი საკითხი, რომელიც საქართველოს 90%-ს შეეხება, იმ უდიდეს მრევლს, რომელიც ქართულ სამოციქულო ეკლესიას გააჩნია, ბუნებრივია, საფრთხილო და ძალიან მგრძნობიარეა. სწორედ ამიტომ განაცხადა როგორც ბიძინა ივანიშვილმა, ისე ქვეყნის პრემიერმა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მიდის ძალიან დიდი მსჯელობა, ფიქრი. რაც შეეხება კონსულტაციებს - ვინ არის და ვინ არ არის, ამის შესახებ თქვენ გაიგებთ, მაშინ როდესაც საჭირო გახდება რაიმე ტიპის გადაწყვეტილების გამოცხადება”, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ოდიშარიას განმარტებით, თუ რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს იქნება აბსოლუტური კონსენსუსით მიღებული.
“ეს არის საკმაოდ მგრძნობიარე საკითხია. ეს საზოგადოებაში არაერთგვაროვნად აღიქმება. სწორედ ამიტომ არ ყოფილა მკვეთრი საუბარი იმაზე, თუ როგორ ვაპირებთ ჩვენ უფრო მეტი თავდაცვითი, დამზღვევი მექანიზმების შემოღებას საქართველოს კონსტიტუციაში, რომლებიც დააზღვევენ მუდმივ თავდასხმებს ქართულ ეკლესიაზე, მართლმადიდებლობასა და ამ ქვეყნის უმრავლესობის რწმენაზე. თუ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს იქნება აბსოლუტური კონსენსუსით მიღებული. ეს იქნება მჭიდრო კონსულტაციებით, როგორც ერთან, ისევე ყველა იმ ადამიანთან, რომელსაც მართლა აღელვებს ხვალინდელი ქრისტიანული მომავალი”, - აღნიშნა ოდიშარიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა. ხოლო დღეს, ხელისუფლების ამ ინიციატივაზე მსჯელობის მიზნით, საპატრიარქოში მღვდელმთავრები შეიკრიბნენ.
როგორც დეკანოზმა, ანდრია ჯღამაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, დღეს, საპატრიარქოში მღვდელმთავრებთან ჩანიშნულ შეხვედრაზე ხელისუფლების მხრიდან არავინ იქნება წარმოდგენილი. მისი თქმით, შეხვედრას დღეს იურისტებიც დაესწრებიან.
0
0