
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ლაშა გელაშვილი, რომელიც ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესზე იკითხება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულების სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს.
გელაშვილს საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს და ის გუშინ, ანდრო ჭიჭინაძისა და მასთან ერთად დაკავებული 10 პირის საქმეზეც დაიკითხა.
გდდ-ს თანამშრომელმა გუშინაც განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი, ბრალდებულებს ბრალი დაუდასტურდებოდათ, მათთან პრეტენზია ექნებოდა, თუმცა, დღეს უკვე კანონის სრული სიმკაცრით დასჯა მოითხოვა.
გელაშვილის ჩვენების მიხედვით, მან დაზიანება 30 ნოემბერს მიიღო, კერძოდ კი, აქციის მონაწილეების მიერ ნასროლი ქვა კოჭის არეში მოხვდა.
„თუ ნამდვილად დაუმტკიცდათ, რასაც ედავებიან, ერთადერთი პრეტენზია მაქვს, რომ კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ. ვიცი, რომ ჯგუფურ ძალადობას ედავებიან. არ დამინახავს, ვინ მესროლა, ისეთი სიბნელე იყო, სახეს ვერ დავინახავდი“, - განაცხადა გდდ-ს თანამშრომელმა.
მას კითხვებით მიმართა ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმაც.
„გუშინ გაიხსენეთ, რომ სეუ-ში მეორე კურსზე ხართ, ცოტა დრო კი დაგჭირდათ ამისთვის [მოწმემ განაცხადა, როგორც ახსოვდა, მეორე კურსზე სწავლობდა]. იურიდიული განათლების მიღებას ცდილობთ. როგორც დაზარალებული აცხადებთ, რომ იმ ფაქტთან დაკავშირებით გაგაჩნიათ პრეტენზია, სადაც არ დაზარალებულხართ?“, - ჰკითხა ავსაჯანიშვილმა მოწმეს, ბრალდების მხარემ კი ამ კითხვის განრიდება მოითხოვა, თუმცა, მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
„სხვის ზიანზე არ მაქვს პრეტენზია, ჩემი თანამშრომლების გამო მაქვს პრეტენზია, ჯგუფური ძალადობის დროს დავზიანდით“, - განაცხადა გდდ-ს თანამშრომელმა, რომელსაც ადვოკატი ისევ ჩაეკითხა.
„მათზე მინდობილობა გაქვთ? თუ სხვის ზიანზე რატომ გაქვთ პრეტენზია, მოქალაქეებიც დაზიანდნენ და ფორმით საზღვრავთ? თქვენი პრეტენზია ფორმით იმიჯნება?“ - ჰკითხა მას ადვოკატმა, რაზეც მოწმემ განაცხადა, რომ „ზოგადად ძალადობა მიუღებელია“.
მას კითხვებით მიმართა შოთა თუთბერიძემაც. ადვოკატი დაინტერესდა, უნახავს თუ არა მას დაშავებული მოქალაქეები, რაზეც მოწმემ უარყოფითი პასუხი გასცა.
მას ადვოკატმა ნაცემი დემონსტრანტები შეახსენა, რა დროსაც საქმის პროკურორი ჩაერთო ფრაზით, „ისე ამბობს, თითქოს დადასტურებული ფაქტი იყოს“, რასაც თუთბერიძემ რეპლიკით, „არ გრცხვენიათ?!“ მიმართა. ამ დიალოგს ხმაური და ბრალდებულების რეპლიკები მოჰყვა.
„თქვენივე ვიდეოში ისმის, როგორ ემუქრება პოლიციელი დემონსტრანტს გაუპატიურებით და კითხულობთ, სად სცემეს დემონსტრანტებიო?“, - იკითხა ზვიად ცეცხლაძემ.
მოსამართლემ პროკურორებს, ადვოკატებსა და ბრალდებულებს შენიშვნა მისცა.
ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოწმის დაკითხვა განაგრძო. მის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას რამე ამომცნობი ნიშანი, ან რამე რიცხვი ეწერა თუ არა, გდდ-ს თანამშრომელმა უპასუხა, რომ „შიგნიდან „რობოკოპზე“ აწერიათ, რაც გარეთ არ ჩანს“.
ამასთან, ადვოკატი დავით ჭიკაიძე დაინტერესდა, თუ რით იყო განპირობებული მოწმის პოზიციის ცვლილება ბრალდებულებთან დაკავშირებით, როცა თქვა, რომ ისინი კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ, ვინაიდან გუშინდელ სხდომაზე ის მხოლოდ იმას აცხადებდა, რომ კანონის შესაბამისად უნდა დასჯილიყვნენ. მოწმემ განაცხადა, რომ მას არ მოუთხოვია, კანონის სრული სიმკაცრით დასჯა.
ცნობისთვის, მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
0
0