
აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა BBC-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინაზე ზეწოლა ხორციელდება, რაც გულისხმობს უკრაინის წახალისებას, რომ რუსეთს ტერიტორიები დაუთმოს.
შეკითხვაზე, უნდა დაეტოვებინა თუ არა პრეზიდენტის პოსტი უფრო ადრე და უნდა მიეცა თუ არა მეტი დრო თავისი შემცვლელისთვის, ბაიდენმა განაცხადა:
„არ მგონია, რომ ამას მნიშვნელობა ჰქონოდა. ჩვენ წავედით იმ დროს, როდესაც უკვე კარგი კანდიდატი გვყავდა. მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ წასვლა გაგვიჭირდა. ეს რთული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება იყო.’’
აშშ-ის მოკავშირეების მიმართ ამჟამინდელი ადმინისტრაციის დამოკიდებულებაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას ყოფილმა პრეზიდენტმა დაგმო ტრამპის მოწოდებები აშშ-ის მიერ პანამის არხის დაბრუნების, გრენლანდიის ,,შესყიდვისა’’ და კანადის 51-ე შტატად გამოცხადების შესახებ.
„რა ჯანდაბა ხდება აქ? ასე რომელ პრეზიდენტს უსაუბრია?! ჩვენ ასეთები არ ვართ. ჩვენ თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ და არა კონფისკაციაზე. რაც შეეხება უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებას, ჩვენ მათ ყველაფერი მივეცით, რაც დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად სჭირდებოდათ და მზად ვიყავით, უფრო აგრესიულად გვეპასუხა, თუ პუტინი კვლავ გადადგამდა უარეს ნაბიჯს.
ბაიდენმა ასევე ისაუბრა ტრამპის ადმინისტრაციის კომენტარების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ კიევმა უნდა დათმოს გარკვეული ტერიტორია სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველსაყოფად, რომელიც საბრძოლო მოქმედებებს დაასრულებს.
,,ეს ,,თანამედროვე დამშვიდების’’ მეთოდია, რომელიც ჰგავს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნევილ ჩემბერლენის პოლიტიკას [1930-იანი წლების ბოლოს, ჩემბერლენი ადოლფ ჰიტლერის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ცდილობდა, თუმცა ევროპას თავიდან ვერ ააცილა კატასტროფული ტოტალური ომი]. შეშფოთებული ვარ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ევროპის ურთიერთობების დარღვევით. ევროპა დაკარგავს ნდობას ამერიკისა და მისი ლიდერობის მიმართ - ეს მსოფლიოს თანამედროვე ისტორიას შეცვლის. კონტინენტის ლიდერები ფიქრობენ, ,,რა ვქნათ ახლა?... შესაძლებელია თუ არა შეერთებულ შტატებზე დაყრდნობა?’’ უბრალოდ არ მესმის, როგორ ფიქრობენ ადამიანები, რომ თუ დიქტატორს, ბანდიტს [პუტინს] ნებას მივცემთ, გადაწყვიტოს, რომ უკრაინას მიწის მნიშვნელოვანი ნაწილი წაართვას, რომელიც თავისი არ არის, ეს მის ამბიციებს დააკმაყოფილებს. თუ უკრაინა რუსეთს მიწას დაუთმობს, რუსეთის მოსაზღვრე ნატოს ზოგიერთმა ქვეყანამ შესაძლოა ალიანსის მიმართ რწმენა დაკარგოს და პუტინთან საკუთარი გარიგებების დადება სცადოს, რაც ნატოს დასუსტებას და მეტ აგრესიას განაპირობებს,’’ - თქვა ბაიდენმა.
როგორც ცნობილია, ტრამპმა და ვენსმა ოვალურ კაბინეტში ტელევიზიით გადაცემული საგანგებო შეხვედრის დროს ზელენსკი გააკრიტიკეს და მოსთხოვეს, რომ მას აშშ-ის მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის მეტი მადლიერება გამოეხატა.
„საუბრის ეს ფორმატი ამერიკისთვის უღირსად მიმაჩნია“, - თქვა ბაიდენმა.
„ამას ისტორიას მივცემ საშუალებას, განსაჯოს“, - თქვა მან. „მე ვერ ვხედავ ვერაფერ ტრიუმფალურს“.
გასულ კვირას, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ვადის პირველი 100 დღის აღსანიშნავად გამართულ ყრილობაზე, თავისი საგარეო პოლიტიკა ,,ტრიუმფალურად’’ შეაფასა.
„ამას ისტორია თავად განსჯის. მე ტრიუმფალურს ვერაფერს ვხედავ,’’ - დასძინა ჯო ბაიდენმა.
0
0
სი ძინ პინი მოსკოვში ჩავიდა
07/05/2025