
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საფრანგეთის ქალაქ ორიაკში ფუტკრების უჩვეულო კბენის შედეგად, 24 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია. კანტალის პრეფექტურის ინფორმაციით, ფუტკრები გამვლელებს 30 წუთის განმავლობაში კბენდნენ. ადგილზე, დაზარალებულების დასახმარებლად მეხანძრეები და სამედიცინო ჯგუფები მივიდნენ. პოლიციამ ინციდენტის ტერიტორია უსაფრთხოების მიზნით გადაკეტა.
კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი სამი ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ორიაკის მერმა, პიერ მათონიემ, ფრანგულ მაუწყებელ France 3-ს განუცხადა, შესაძლოა, თავდასხმა იმიტომ მოხდა, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროს სახურავზე არსებულ ფუტკრის სკებს აზიური კრაზანები აწუხებდნენ, რამაც ფუტკრების აგრესიულობა გამოიწვია.
„სასწრაფო დახმარების სამსახურები იდეალურად იყვნენ კოორდინირებულნი. ორიაკში პანიკა არ ყოფილა, თუმცა ფუტკრის ნაკბენისგან რამდენიმე ადამიანი დაშავდა“, - განაცხადა ორიაკის მერმა.
0
0