
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების მინისტრს, ბალაშ ჰანკოს და სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს გაბორ ჩაბას შეხვდნენ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2026 წელს საქართველოს-უნგრეთის კულტურის დღეების ჩატარებას, 2027 წელს უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ერთობლივ დაგეგმვასა და ამ მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნას, ასევე, ახალგაზრდების გაცვლით პროგრამებს. განიხილეს საქართველოს და უნგრეთის სახელოვნებო ორგანიზაციებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის სამეცნიერო კვლევების ჩატარებას, არქივებში მუშაობას და სხვა. აღინიშნა, რომ მომავალი წლიდან საქართველოსა და უნგრეთს შორის საფესტივალო ფორმატში თანამშრომლობა დაიწყება“, – ნათქვამია საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
0
0