22/11/2025
22:46

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, თამარ ლილუაშვილთან და რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვართან, არქიმანდრიტ იოანე ხელაიასთან ერთად, რომის სამრევლოსთან არსებული კულტურის ცენტრებისა და საკვირაო სკოლების პედაგოგებსა და ხელმძღვანელებს შეხვდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო არსებული გამოწვევები, სამომავლო პროექტები და ის გზები, რომელთა საშუალებითაც კულტურის სამინისტრო დიასპორულ ორგანიზაციებს კულტურის სფეროში საქმიანობის გაღრმავებაში კიდევ უფრო დაეხმარება.
„ძალიან თბილი და საინტერესო შეხვედრა გვქონდა ქართულ დიასპორასთან. ამისთვის მადლობას ვუხდი მამა იოანესა და რომის სამრევლოს. შეხვედრაზე გამაცნეს თავიანთი მრავალმხრივი საქმიანობა, რომელიც მოიცავს როგორც ქართული ენის პოპულარიზაციას, ისე სახელოვნებო პროექტებს. ისინი ძალიან აქტიურები არიან. დავგეგმეთ, რომ მომავალი წლიდან უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ევროპაში ჩვენი ხმა მკაფიოდ უნდა ისმოდეს, ამისათვის მნიშვნელოვანია ჩვენი დიასპორის აქტიურობა. მათ ჩვენი თანადგომა სჭირდებათ. ვფიქრობ, რომ საელჩო უკვე ძალიან კარგად არის ინტეგრირებული და ახლა კულტურის სამინისტროც ჩაერთვება, რათა კიდევ უფრო მეტი ერთობლივი პროექტი განვახორციელოთ“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
0
0