თეთრი სახლის ინიციატივით, მთვარეს საკუთარი სასაათო სისტემა ექნება. იდეის დასამუშავებლად თეთრმა სახლმა კოსმოსურ სააგენტო NASA-ს უკვე მიმართა, რათა ახალი სისტემა, სახელწოდებით - კოორდინირებული დრო შეიქმნას. შტატებში ფიქრობენ, რომ სხვა ციური სხეულების შესწავლისა და ათვისების მიზნით ეს აუცილებელი ნაბიჯია.
„მთვარეზე გრავიტაცია ოდნავ სუსტია და საათი სხვანაირად მუშაობს. მნიშვნელოვანია, რომ სიზუსტისა და უსაფრთხოებისთვის ციური სხეულების სპეციფიკური დროითი სტანდარტი შევიმუშაოთ. ვიმედოვნებთ, რომ ახალი დრო მთვარემდე მისასვლელად ეროვნულ და კერძო ძალისხმევას შეუწყობს ხელს", - ამბობს შოტლანდიელი ასტრონომი, პროფესორი კეტრინ ჰეიმანსი.
თუმცა NASA ერთადერთი არაა, რომელიც მთვარის სასაათო სისტემის შემუშავებაზე მუშაობს. პროექტს ევროპის კოსმოსური სააგენტოც ავითარებს. როგორც მეცნიერები ამბობენ, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში თანამშრომლობა და კოორდინაციაა. არანაკლებ გასათვალისწინებელი ფაქტორი მთვარისა და დედამიწის დროითი სისტემების ერთმანეთთან მიბმა და დაკავშირებაა.
შეგახსენებთ, რომ სამომავლო მისიის, არტემის 3-ის ფარგლებში ასტრონავტები სწორედ მთვარის ზედაპირზე დაეშვებიან. კაფსულა "ორიონი" ორბიტაზე დარჩება, მასში მყოფი ასტრონავტები კი სფეის იქსის ხომალდში გადასხდებიან და მთვარის ზედაპირზე დასხდებიან. თავიდან მისია 2025 წლისთვის იგეგმებოდა, თუმცა ამჟამად 2026 წლამდე გადავადდა. NASA-ს მიზანია, ამ პერიოდისთვის სასაათო სისტემა უკვე შექმნილი იყოს.
0
0