
პარლამენტის და არჩევნების ბოიკოტირება რომ შეცდომა იყო, ეს ჩვენი პოლიტიკური ძალისგან ბევრჯერ გაგიგიათ. საპარლამენტო მუშაობა დავიწყეთ და ნებისმიერ მშვიდობიან გზას ვიყენებთ იმისთვის, რომ „ოცნების“ ამომრჩევლები შევამციროთ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მოცემულობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა დადგეს.
„დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მოცემულობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა დადგეს, მაგრამ ამ დიალოგს ანგრევს ორი ძალა -„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ამ დიალოგის შესაძლებლობის სივრცეს ეს ორი ძალა აქრობს და ანგრევს თავისი რადიკალური გადაწყვეტილებებით, რადიკალური სცენარების დაანონსებით, რადიკალური საკანონმდებლო ინიციატივებით და იმ რადიკალიზმის ხარისხის მომატებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია“, – გაბნაცხადა ტატა ხვედელიანმა.
მისი თქმით, ქვეყანაში რადიკალიზმის ხარისხი უნდა შემცირდეს და ის უდანაშაულო ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ, რომლებიც ქართულ ციხეებში იმის გამო არიან გამოკეტილები, რომ „ოცნებას“ დისკომფორტს უქმნიდნენ.
„სწორედ ამიტომ ამნისტიის საკანონმდებლო ინიციატივაზე ვმუშაობთ, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს, რადიკალიზმის ეს მაღალი ხარისხი შემცირდეს და ქვეყნის განვითარება გადატვირთვით დავიწყოთ. სწორედ აქ გამოჩნდება „ოცნების“ მზაობა, სურს თუ არა ჩვენს ქვეყანაში არსებული რეალობის შეცვლა და სურს თუ არა, რომ ქვეყანაში რადიკალიზმი შემცირდეს. თუ სურს, რომ ეს ორი ძალა ერთმანეთს ასულდგმულებდეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ფონზე თავისი რიტორიკით გავიდეს, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აზიანებს ქვეყანას და მოქალაქეების ინტერესებს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
0
0