
პარტია "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე მელიქიშვილის გამზირზე გამართულ რადიკალურ პროტესტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"ქართულმა საზოგადოებამ დაუშვა გამოუსწორებელი შეცდომა 2003 წელს ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში მოყვანით და შედეგად მივიღეთ ის ტრაგიკული შედეგი, რასაც გუშინ ვუცქერდით" - წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა
ახალგაზრდობაა და ამ მხრივ სახელმწიფოს მეორადი ფუნქცია აქვს. მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ უნდა შეძლოს პრობლემის მოგვარება, წინააღმდეგ შემთხვევაში რადიკალების მიერ გამოყენებული და გაწბილებული თაობის ყურება დიდხანს მოგვიწევს.
“ალბათ ყველაზე ცუდ კოშმარშიც ვერ წარმოვიდგენდი იმ სურათს, რაც გუშინ, კახი კალაძის საარჩევნო შტაბის წინ ხდებოდა. მხოლოდ ორ რამეზე ვფიქრობდი, ამ ახალგაზრდების დედებზე, როგორ გული არ გაუსკდათ საკუთარი შვილების შემხედვარეს და ჩვენს ქვეყანაზე, თურმე როგორ დავაგვიანეთ, როგორ წაგვართვეს თაობა. ეს უკვე ჩვენი ჯვარია. ქართულმა საზოგადოებამ დაუშვა გამოუსწორებელი შეცდომა 2003 წელს ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში მოყვანით და შედეგად მივიღეთ ის ტრაგიკული შედეგი, რასაც გუშინ ვუცქერდით. ერთმა წინასაარჩევნო აღტკინებამ და ფერადმა ილუზიებმა ეს შედეგი მოგვიტანა.
იმ არჩევანმა და დღეს უკვე ნაცმოძრაობის ქურქში გახვეულმა ოპოზიციამ, გარყვნა და გაანადგურა ახალგაზრდობა. რაღა მნიშვნელობა აქვს დემოგრაფიულ მაჩვენებლებს, როცა უკვე სახეზე გვყავს “სხვა ჯიშად” გამოყვანილი თაობა? მძიმეა რეალობა, ძალიან მძიმე. ამ თაობის ხელახალი გაზრდა შეუძლებელია. მათი იდეური შეცვლა და ამქვეყნიურ წიაღში დაბრუნება კი რთული. არადა, სწორედ ეს თაობა იწყებს ახლა გამრავლებას და წარმოგიდგენიათ, ესენი როგორ შვილებს გაგვიზრდიან? ჩვენ კი გენოფონდის არა მარტო გამრავლებაზე, არამედ, ღირებული ქართველების თაობაზე ვზრუნავთ.
ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად დღევანდელ ხელისუფლებას და ქართულ საზოგადოებას. აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინ მისცა ხმა მაშინ ნაცმოძრაობას და ვინ არა, შეცდომა დაუშვა ერმა და ამ შეცდომას დღეს ქვეყანა იმკის. ვინც გუშინ არა მხოლოდ სიბრაზით, არამედ, ჩემსავით ცრემლიანი თვალებით უყურებდა განადგურებულ ახალგაზრდობას, ალბათ მეტს იფიქრებს და იმოქმედებს. საბედნიეროდ, ასეთები ბევრნი არ არიან, მაგრამ, ხომ არსებობენ? და ეს ჩვენი რეალობაა.
დღეს ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა ახალგაზრდობაა. ეს ის საკითხია, სადაც ხელისუფლებას მეორადი ფუნქცია აქვს, რადგან ახალგაზრდების დიდი ნაწილი ერიდება პოლიტიკურ სუბიექტივიზმს. აქ გადამწყვეტი ქართული საზოგადოებაა, რომელმაც უნდა შეძლოს ამ პრობლემის მოგვარება სახელმწიფოებრივი პრინციპებიდან გამომდინარე, ყოველ შემთხვევაში, ამ ტრაგედიის შემსუბუქება მაინც. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ დიდხანს მოგვიწევს პოლიტიკოსების მიერ გამოყენებული-გაწბილებული-გადაგვარებული ახალგაზრდების ყურება.
გუშინდელი დღე, ახალგაზრდა გოგო-ბიჭების გარყვნილი ენით შეძახილები და ამავე დროს, მათთან ერთად მომღიმარი, კმაყოფილი სახეებით მდგარი ოპოზიციის ლიდერები, იყო ერის ტრაგედია!” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
0
0