გაეროს ბავშვთა სააგენტოს, Unicef-ის ხელმძღვანელის კეტრინ რასელის განცხადებით, სუდანში, მილიონობით ბავშვი არასრულფასოვნად იკვებება და სკოლაში ვერ დადის.
ქვეყანაში, სადაც სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის მიმდინარე სასტიკმა სამოქალაქო ომმა სასურსათო ეკონომიკის საყრდენები გაანადგურა, შიმშილის კრისიზი უფროდაუფრო მწვავდება.
„ცხრა მილიონი ბავშვი საკმარის საკვებს რეგულარულად არ იღებს და თითქმის ოთხი მილიონი მწვავედ არასრულფასოვან კვებას განიცდის. თუ ახლავე შესაბამის ზომებს არ მივიღებთ, მდგომარეობა უკვე უარესდება. ჩვენთვის გამოწვევა ის კი არ არის, რომ საკვები არ მოგვეპოვება, არამედ ის, რომ ბავშვებს და ჩვილებს ვერ ვაწვდით და ეს მართლაც კრიზისია. სუდანში, მსოფლიოში ყველაზე მეტი [ხუთი მილიონი] დევნილი ბავშვი ფიქსირდება და მათგან თითქმის არცერთს სკოლაში სწავლის შესაძლებლობა არ აქვს - ეს საფრთხის წინაშე მყოფი დაკარგული თაობაა,“ - განუცხადა რასელმა BBC-ს.
„სექტემბრისთვის, სუდანის მოსახლეობის 70% შიმშილის უკიდურეს ზღვარზე იქნება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ორ-ნახევარი ან შესაძლოა 4 მილიონი ადამიანის სიკვდილი,“- განუცხადა BBC-ს სურსათის უსაფრთხოების ექსპერტმა ტიმო გაასბეკმა.
გაეროს ბოლოდროინდელი მოწოდება სუდანის ქალაქ ელ-ფაშერში სიმშვიდის დამყარების შესახებ, ასევე აშშ-ის მცდელობები სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისთვის, ჯერჯერობით წარუმატებელი აღმოჩნდა.
0
0