12/08/2022
17:37
სამართალი
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილესთან, დაკავებულ სოსო გოგაშვილთან გამომძიებელი შევიდა.
როგორც საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, გამომძიებელი პენიტენციურ დაწესებულებაში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად იმყოფება.
ამასთან, სოსო გოგაშვილის ადვოკატის რამაზ ჩინჩალაძის ცნობით, გოგაშვილის წერილით და ასევე, მათ მიერ გაჟღერებული ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა. როგორც მან განაცხადა, სპეციალური საგამოძიებო სამსახური იოსებ გოგაშვილის გამოკითხვას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ სოსო გოგაშვილის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს საპატიმროში 28 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაურეკა და დაემუქრა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ ცნობილია, რა ნომრიდან ხდებოდა იოსებ გოგაშვილთან დაკავშირება და ასევე, რა ნომერი იყო მოთავსებული იმ ტელეფონში, რომლითაც იგი პასუხობდა შს მინისტრს.
გარდა ამისა, თავად სოსო გოგაშვილმა გაავრცელა წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ მან მე-12 დაწესებულებაში მიიღო მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან, რომ თუ არ გაჩერდებოდა და სასურველ ჩვენებას არ მისცემდა, მისი და მისი ოჯახის განადგურება მოხდება.
წყარო : ,,ინტერპრესნიუსი''
0
0