
როგორც ექიმი, მეან-გინეკოლოგი, ღიად ვაცხადებ: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ, ეს პოზიცია ჩემი მრავალწლიანი სამედიცინო პრაქტიკით, მძიმე კლინიკური შემთხვევებითა და ადამიანის სიცოცხლის დაცვის პროფესიული პასუხისმგებლობით არის ჩამოყალიბებული,- წერს მედიცინის დოქტორი, PHD, მეან-გინეკოლოგი, პაატა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
ჟორჟოლიანი წერს, რომ კომერციული ინტერესი ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებზე მაღლა არ უნდა იდგეს.
მისივე თქმით, სუროგაციის აკრძალვა ხელოვნური განაყოფიერების აკრძალვას არ ნიშნავს. როგორც ჟორჟოლიანი აღნიშნავს, ევროპის არაერთ ქვეყანაში სუროგაცია აკრძალულია, თუმცა საქართველოში ამ საკითხის განხილვა ზოგიერთის მიერ ავტომატურად ადამიანის უფლებების დარღვევად ფასდება.
“სუროგაცია — სიცოცხლის ფასი, რომელსაც საზოგადოება ხშირად ვერ ხედავს!!!!!
როგორც ექიმი, მეან-გინეკოლოგი, ღიად ვაცხადებ: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ!
ეს პოზიცია არ არის ემოციური გადაწყვეტილება და არც სხვისი მშობლობის სურვილის უპატივცემულობა. ეს არის ჩემი მრავალწლიანი სამედიცინო პრაქტიკით, მძიმე კლინიკური შემთხვევებითა და ადამიანის სიცოცხლის დაცვის პროფესიული პასუხისმგებლობით ჩამოყალიბებული პოზიცია.
მე კარგად მესმის, რას ნიშნავს უშვილობა და რამდენად დიდია ადამიანისთვის მშობლად გახდომის სურვილი. მაგრამ ერთი ადამიანის მშობლობის სურვილი არ უნდა იქცეს მეორე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის გამართლების საფუძვლად.
მინდა პირდაპირ მივმართო სუროგაციის მომხრეებს:
გინახავთ ოდესმე მომაკვდავი ქალი სამშობიარო ბლოკში?
გინახავთ ქალი, რომელსაც მასიური სისხლდენის გამო სიცოცხლის გადასარჩენად სასწრაფოდ ვაცლით საშვილოსნოს?
გინახავთ რეანიმაციაში მყოფი ახალგაზრდა ქალი, რომლის გადარჩენისთვისაც ექიმების მთელი გუნდი იბრძვის?
გინახავთ მისი ოჯახის წევრების თვალები, როდესაც მათ არ იციან, ცოცხალი დაბრუნდება თუ არა დედა, მეუღლე, შვილი?
ჩვენ, მეან-გინეკოლოგებს, ეს ყველაფერი გვინახავს!
ჩვენ არაერთი ქართველი და უცხოელი სუროგატი ქალის სიცოცხლის გადარჩენისთვის გვიბრძოლია. ეს არ არის თეორიული მსჯელობა. ეს არის ჩვენი ყოველდღიური პროფესიული პასუხისმგებლობა და ზოგჯერ უმძიმესი ბრძოლა ადამიანის სიცოცხლისთვის.
განსაკუთრებით საგანგაშოა შემთხვევები, როდესაც ემბრიონის გადატანა ხდება ქალებში, რომლებსაც უკვე გადატანილი აქვთ ორი ან მეტი საკეისრო კვეთა, აქვთ საშვილოსნოზე ნაწიბური, მძიმე სომატური დაავადებები ან ორსულობისთვის სხვა მნიშვნელოვანი რისკფაქტორები.
ასეთი ქალების ორსულობა განსაკუთრებულ სამედიცინო შეფასებასა და მეთვალყურეობას მოითხოვს.
ერთ-ერთი უმძიმესი გართულებაა პლაცენტის პათოლოგიური შეზრდა — Placenta Accreta Spectrum (PAS), მათ შორის placenta increta და placenta percreta.
ამ დროს პლაცენტა შეიძლება ღრმად შეიჭრას საშვილოსნოს კედელში და ზოგჯერ მის ფარგლებსაც გასცდეს, დააზიანოს შარდის ბუშტი და სხვა მიმდებარე ორგანოები.
შედეგი შეიძლება იყოს კატასტროფული სისხლდენა, მასიური სისხლის გადასხმის აუცილებლობა, მრავალსაათიანი ოპერაცია, რეანიმაციული მკურნალობა და საშვილოსნოს დაკარგვა.
ზოგჯერ ქალი სიცოცხლეს ინარჩუნებს, მაგრამ კარგავს საშვილოსნოს და მომავალში საკუთარი შვილის გაჩენის შესაძლებლობას. ზოგჯერ კი მისი გადარჩენაც ვერ ხერხდება.
სამედიცინო კვლევებით დადასტურებულია, რომ პლაცენტის პათოლოგიური შეზრდის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის წინა საკეისრო კვეთები, განსაკუთრებით პლაცენტის წინმდებარეობასთან ერთად. დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მიღებულ ორსულობებშიც აღწერილია ამ გართულების მომატებული რისკი.
ამიტომ დაუშვებლად მიმაჩნია, როდესაც ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებზე მაღლა კომერციული ინტერესი დგება.
არსებობს კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი — ბავშვის უფლებები.
რა ხდება, როდესაც ბავშვი ნაადრევად იბადება, მძიმე მდგომარეობაშია ან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მისი მიღება განზრახულ მშობლებს აღარ სურთ?
ვინ იღებს პასუხისმგებლობას?
ვინ უზრუნველყოფს მის მკურნალობას, რეაბილიტაციასა და მომავალს?
არ შეიძლება ბავშვის ბედი დამოკიდებული იყოს იმაზე, რამდენად შეესაბამება იგი ვინმეს მოლოდინს.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ქალის შესაძლო ეკონომიკური ექსპლუატაცია, იძულება, შუამავლების კომერციული ინტერესები და ადამიანით ვაჭრობის საფრთხე.
ქალის სხეული არ უნდა იქცეს კომერციული გარიგების საგნად, ხოლო ბავშვი — ხელშეკრულებით მისაღებ პროდუქტად.
მინდა საზოგადოებას შევახსენო ევროპული გამოცდილებაც.
სუროგაცია აკრძალულია ევროპის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, ხორვატიაში, ბულგარეთში, ლიეტუვასა და სლოვენიაში. ზოგ ქვეყანაში აკრძალვა პირდაპირია, ზოგან კი რეპროდუქციული მედიცინის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს.
იტალიამ 2024 წელს აკრძალვა კიდევ უფრო გაამკაცრა და საზღვარგარეთ გაფორმებულ სუროგაციულ შეთანხმებებზეც გაავრცელა შესაბამისი პასუხისმგებლობა იტალიის მოქალაქეებისთვის.
ამიტომ მინდა დავსვა სრულიად ლეგიტიმური კითხვა:
რატომ არის სუროგაციის აკრძალვა მისაღები საფრანგეთისთვის, გერმანიისთვის ან იტალიისთვის, ხოლო საქართველოში მსგავსი გადაწყვეტილების განხილვა ზოგიერთის მიერ ავტომატურად ადამიანის უფლებების დარღვევად ფასდება?
განა ქართველი ქალის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ნაკლები ფასი აქვს?
აქვე მკაფიოდ უნდა ითქვას: სუროგაციის აკრძალვა არ ნიშნავს ხელოვნური განაყოფიერების აკრძალვას. ეს ორი განსხვავებული საკითხია.
მე მხარს ვუჭერ რეპროდუქციული მედიცინის განვითარებას, უშვილობის მკურნალობასა და თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებას.
მაგრამ კატეგორიულად ვეწინააღმდეგები სისტემას, რომელშიც ქალის სიცოცხლე შეიძლება სხვისი კომერციული ინტერესის ფასად რისკის ქვეშ აღმოჩნდეს.
სუროგაციის მომხრეებს კიდევ ერთხელ ვეკითხები:
როდესაც საუბრობთ არჩევანის თავისუფლებაზე, ითვალისწინებთ თუ არა იმ ქალის ბედს, რომელიც შესაძლოა საოპერაციო მაგიდიდან ცოცხალი ვეღარ დაბრუნდეს?
და როდესაც ექიმები მის გადასარჩენად ვიბრძვით, სად არიან ისინი, ვინც ამ ორსულობის ორგანიზებით ფინანსური სარგებელი მიიღო?
ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, მთავარი ღირებულება ადამიანის სიცოცხლეა.
არც ერთი კომერციული გარიგება არ ღირს ქალის სიცოცხლედ.
დედობა უდიდესი ღირებულებაა, მაგრამ არც ერთი ქალის სიცოცხლე არ უნდა გახდეს ამ ღირებულების მისაღწევად გაწეული მსხვერპლი.
სწორედ ამიტომ მხარს ვუჭერ საქართველოში სუროგაციის აკრძალვას — ქალის ჯანმრთელობის, ღირსებისა და სიცოცხლის დაცვის მიზნით.”- წერს პაატა ჟორჟოლიანი.
0
0