
Patriot Network პრეზიდენტის, ენცო ალიასის (Enzo alias) მოწვევით, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქ სანტო დომინგოში გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სამხრეთ ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში განიხილებოდა ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც დღეს საერთაშორისო დღის წესრიგში დგას, მათ შორის მიგრაციული პროცესების მზარდი მასშტაბები, გლობალური ეკონომიკური მდგომარეობა და ქვეყნების წინაშე არსებული პოლიტიკური და სოციალური გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახელმწიფო სუვერენიტეტის მნიშვნელობას, მის აღიარებასა და დაცვის აუცილებლობას.
აღინიშნა, რომ თითოეული ქვეყნის დამოუკიდებლობის, ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური თვითმყოფადობის პატივისცემა საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი უნდა იყოს. „მსგავსი საერთაშორისო შეხვედრები მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარებისთვის, საერთო გამოწვევებზე მსჯელობისა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მჯერა, რომ ძლიერი სახელმწიფოების საფუძველი სწორედ სუვერენიტეტის პატივისცემა, ეროვნული ინტერესების დაცვა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული საერთაშორისო თანამშრომლობაა,“ - განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.
0
0