08/11/2021
16:00
პოლიტიკა
“1998 წელს მაშინდელი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. ჩემი ინიციატივით პარლამენტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოში სიკვდილით დასჯის სამუდამოდ გაუქმების თაობაზე. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ საქართველოში სიკვდილით დასჯას აღდგენდნენ და ბედის ირონიით, აღადგენდნენ ჩემთვის.
არა უშავს, ყველაფერი ხდება, მაგრამ ბოროტი ვერასდროს ვერ ძლევს კეთილს. აქვე მინდა მივმართო ყველას. მეგობრებო, მე საპყრობილეში ჩავჯექი და ვშიმშილობ არა იმის გამო, რომ ეს იყოს მთავარი თემა. მე არ გავმხდარვარ ივანიშვილის მძევალი იმისთვის, რომ მთავარი თემა ჩემი უკან გამოხსნა ყოფილიყო. ცხადია, ამაში არც ლოგიკაა და არც რაციონალურობა.
მე დავბრუნდი, ნებაყოფლობით მძევლობაში ჩავბარდი და ახლა სიკვდილამდე ვაპირებ შიმშილს, რომ ჩემი მაგალითით წვლილი შევიტანო ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებაში, მისი ევროპული გზის შენარჩუნებაში და რუსული ოლიგარქატის კლანჭებიდან გამოხსნაში. ამიტომაც, სრულიად მიუღებელია და ყველას ვთხოვ, ნუ აქცევს ჩემი ჯანმრთელობის თემას დღის წესრიგის მთავარ საკითხად, ნუ გადააფარინებს სააკაშვილის შიმშილობის თემას მთავარ ჩვენს მიზანს — მოპარული არჩევნების და ხელისუფლების ქართველი ხალხისთვის დაბრუნების თემას. ჩემი შიმშილობა არის ამის მიღწევის საშუალება, და არ შეიძლება საშუალება უფრო წინ დავაყენოთ, ვიდრე მიზანი”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ამასთან დასძენს, რომ მისთვის, როგორც ქართველი მართლმადიდებელისთვის, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია დღეა და ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილს მადლობას უხდის ზიარებისთვის.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 39-ე დღეა შიმშილობს. მთავრობა უარს აცხადებს სამოქალაქო საავადმყოფოში მის გადაყვანაზე.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა, რომელიც ციხეში, ექიმების კაბინეტში არის გადაღებული. პენიტენციური სამსახური ასევე ასაჯაროებს იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც, უწყების ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს. აღნიშნული ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში”, — ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნულის შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 6 ნოემბერს დაიწყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული, ფოტო და ვიდეომასალის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა.
პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებულ კადრებს გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნა, რომ „კადრების სამარცხვინო გამოქვეყნება“ მას ვერაფერს დააკლებს. მისი თქმით, ყველაფერი, რასაც ციხეში იღებს, დოკუმენტირებულია, თუმცა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ფოტოებზე ასახული საკვები არ უნახავს.
0
0