
თავისთავად რუსეთში გამართული კონცერტი არავის აქცევს სამშობლოს მოღალატედ, მაგრამ როცა ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყს, - წერს ისტორიკოსი, ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში.
კალანდია ნიკოლოზ რაჭველის მიერ 2013, 2017 და 2019 წლებში რუსეთში გამართულ კონცერტებს იხსენებს და წერს, რომ რაჭველი, ევგენი მიქელაძის სულიერი მემკვიდრეობის ნაცვლად, მის მტრებსა და მჩაგვრელებს დაემსგავსა.
მისივე თქმით, პატრიოტიზმი არავის მონოპოლია არ არის და სიტყვა „მოღალატე“ ადრესატს კი არ ახასიათებს, არამედ თავად მთქმელის სინდისისა და სულიერი სამყაროს ლუსტრაციას ახდენს.
„ფოტოზე ნიკოლოზ რაჭველია. 2019 წლის 10 მარტია. აგვისტოს ომიდან თითქმის 11 წელია გასული. სანქტ-პეტერბურგში რუსული საზოგადოების წინაშე დგას თავდახრილი... თუმცა თავდახრას ვინ ჩივის! იმავე დღეს ეს კაცი რუსეთის დამსახურებულ აკადემიურ სიმფონიურ ორკესტრს დირიჟორობდა!
და ეს არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა ყოფილა:
• 2013 წლის 17 ოქტომბერი — სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის დიდ დარბაზში საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით ჩატარდა.
• 2017 წლის სექტემბერი — მოსკოვი, კვლავ რაჭველის კონცერტი და კვლავ აღფრთოვანებული რუსული პუბლიკის ოვაცია...
თავისთავად რუსეთში გამართული კონცერტი არავის აქცევს სამშობლოს მოღალატედ. ხელოვნებას საზღვრების გადალახვის განსაკუთრებული ძალა აქვს. მაგრამ როცა ადამიანს 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყს.
ნიკოლოზ, შენ წლების განმავლობაში ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ხელმძღვანელობდი. ევგენი მიქელაძე სწორედ „სამშობლოს მოღალატის“ ბრალდებით გაანადგურეს ბოლშევიკებმა... რა სევდიანია, რომ მიქელაძის სულიერი მემკვიდრეობის ნაცვლად, უფრო მის მტრებსა და მჩაგვრელებს დაემსგავსე. შენმა უხეირო პასკვილმა, რომელიც გამოფხიზლებულმა არაერთგზის გადააკეთე, ყოველი იმედელი უფრო მეტი სიამაყითა და თავდაჯერებულობით აღგვავსო.
ასე რომ, როდესაც ადამიანს მოღალატეს დაუძახებ, გახსოვდეს: ეს სიტყვა ადრესატს კი არ ახასიათებს, უფრო მეტს შენზე ამბობს, შენი სინდისისა და სულიერი სამყაროს ლუსტრაციას ახდენს... ისიც უნდა გახსოვდეს, რომ სამშობლოს სიყვარული სხვების სიძულვილით არ იზომება.... არც პატრიოტიზმია ვინმეს მონოპოლია და არც საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები გაძლევს უფლებას, რომ თანამოქალაქეებს დაუნდობელი ბრალდებებით ებრძოლო!“ - წერს გიორგი კალანდია.
0
0