
ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პარტიის აკრძალვის შესახებ მიმდინარე პროცესზე საუბრისას განაცხადა.
"ჩემთვის პირადად და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ჩემთვის, ყოველდღიურად არის ლუსტრაცია ამ აგენტურის, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლდება. ღიმილის მომგვრელია თითოეული მათი მცდელობა, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს და დარჩნენ იმ სცენარში, რომლითაც წლების განმავლობაში ცდილობენ საზოგადოება მოეტყუებინათ, რომ სხვადასხვა ძალას წარმოადგენდნენ. ღიმილის მომგვრელი, როდესაც შემდეგ გამოვა მათი ადგილზე მყოფი ბელადი - ბატონი გვარამია და თითოეულ გზააცდენილ დანაყოფს შემდეგ შეახსენებს, რომ თურმე ისინი ერთი ორგანიზმი არიან. შემდეგ მათ სულიერი მამა - ბატონი სააკაშვილი გამოვა სასამართლოს დარბაზიდან და ასევე დაუწუნებს რომელიმე დანაყოფს პასუხის გაცემას თუ კითხვის დასმას. ბევრი ფრთიანი კითხვის, განცხადების, პასუხის გახსენება შემიძლია.
ალბათ, ვინმე შემდეგ მოკლემეტრაჟიან ფილმს გადაიღებს მათ კითხვა-პასუხებსა და უტიფრობაზე, რომელსაც ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზიდან გვთავაზობენ“, - განაცხადა კირცხალიამ.
0
0