
შეუძლებელია, ერთი ხელით მოითხოვდე ეუთო-ს პრინციპების პატივისცემას და მეორე ხელით, არ სცემდე პატივს ეუთო-ს დასკვნას, სადაც მკაფიოდ წერია, რომ საქართველოში არჩევნები შედგა, არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს და ცალკეული ხარვეზების მიუხედავად, გამოხატული იყო თავისუფლად მოსახლეობის არჩევანი, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართული დელეგაცია საპარლამენტო ასამბლეასთან ნაყოფიერად თანამშრომლობდა, რომ დეკლარაციაში ასევე თანმხლებ სხვადასხვა რეზოლუციაში მოხვედრილიყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ჩანაწერები.
„ამ დღეების განმავლობაში როგორც საპარლამენტო ასამბლეაზე ასევე მანამდე, სამუშაო რეჟიმში, ძალიან ნაყოფიერად, კონსტრუქციულად ვთანამშრომლობდით ასამბლეასთან, რომ როგორც დეკლარაციაში ასევე თანმხლებ სხვადასხვა რეზოლუციაში მოხვედრილიყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ჩანაწერები – იქნებოდა ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, ოკუპირებული რეგიონები და იქ არსებული ადამიანის უფლებების ძალიან მძიმე მდგომარეობა, რუსული ოკუპაცია. საზოგადოებამ იხილა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის პირადი, ძალიან აქტიური საქმიანობით გაკეთებული ჩანაწერი სირიის ხელისუფლებისადმი, რომ უკან გაიწვიოს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, ასევე იყო სავაჭრო ურთიერთობის საკითხები, კორიდორის საკითხები, ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხები, ენერგეტიკის, რეგიონული მშვიდობის და ა.შ., რომელიც ჩვენი დიდი ძალისხმევის შედეგად ჩაიდო, როგორც დეკლარაციაში, ასევე მის თანმხლებ რეზოლუციებში. დიპლომატიური საქმიანობით ვიყავით დაკავებულები, რომ მაქსიმალურად ასახულიყო საქართველოსთვის საინტერესო და საჭირო ჩანაწერები. ვნახეთ ჯო უილსონის და მისი ზოგიერთი მხარდამჭერის ძალიან აქტიური, საქართველოს საწინააღმდეგო საქმიანობა, როგორ შეაპარეს მოკლე, მაგრამ ძალიან დამაზიანებელი რამდენიმე მუხლი საქართველოსთან დაკავშირებით. კომიტეტზე ამ რეზოლუციის განხილვის და დეკლარაციის განხილვის დროს, არაერთხელ დავაყენეთ საკითხი, რომ ამოგვეღო ეს ჩანაწერები, სიტყვა-სიტყვით მივყვებოდით თითოეულ იმ დეზინფორმაციულ ნარატივს, რაც იყო გაშლილი ამ რეზოლუციაში და დეკლარაციის ამ კონკრეტულ ნაწილში“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, ქართულმა დელეგაციამ კომიტეტზე წინააღმდეგობა გაუწია ასეთ ფორმულირებებს და დეკლარაციაში ამ ნაწილის წინააღდეგ მისცა ხმა.
„თუმცა, პლენარულ სესიაზე ვნახეთ, რომ მაინც მიიღეს ეს დეკლარაცია და ჩარჩა ეს კონკრეტული ჩანაწერი. საქართველო, ჩვენი დლეეგაცია, ამ რეზოლუციას წითელი ხაზის გამო, რაც დაკაშირებულია ახალი არჩევნების ჩატარებასთან, მხარს ვერ დაუჭერდა. ჩვენ, ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მსგავსი ტიპის ჩანაწერებით ხდება როგორც ეუთო-ს ასევე მისი სადამკვირვებლო მისიის დისკრედიტაცია, ხდება ძირის გამოთხრა და სანდოობოს დაკნინება. შეუძლებელია, ერთი ხელით მოითხოვდე ეუთო-ს პრინციპების პატივისცემას და მეორე ხელით, არ სცემდე პატივს ეუთო-ს დასკვნას, სადაც მკაფიოდ წერია, რომ არჩევნები საქართველოში შედგა, არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს და ცალკეული ხარვეზების მიუხედავად, გამოხატული იყო თავისუფლად მოსახლეობის არჩევანი. საზოგადოებამ დელეგაციის სამივე წევრის მოწოდება ნახა, რომ ცალკეულ ჩანაწერებზე თანახმა ვიყავით, მაგრამ ერთიანობაში, ამ წითელი ხაზის გამო, ვერ დავუჭერდით მხარს ამ საბოლოო დოკუმენტს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, მედიის ნაწილს, რომელმაც თქვა, რომ ქართულმა მხარემ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, შეეძლო ინფორმაცია ქართულ დელეგაციასთან ან პარტიაში გადაემოწმებინა.
„ნახავდნენ ჩვენს დამოკიდებულებას, გაიგებდნენ, რეალურად რა გავაკეთეთ. ამ დღეების განმავლობაში საზოგადოება ხედავდა, რომ ვეწინააღმდეგებოდით რეზოლუციაში კონკრეტულ ჩანაწერებს, ვერ მივცემდით შესაძლებლობას, ჩვენი მხრიდან გასულიყო ეს თუ ის ჩანაწერი, მით უმეტეს, მხარი დაგვეჭირა ამ ჩანაწერისთვის. არგუმენტირებულად მივყვებოდით თითოეულ ფორმულირებას, რომელიც იყო. გვიჩნდება განცდა, რომ მათი მიზანი იყო გადაეფარათ ის კარგი ამბები, რომელიც იყო ამ დეკლარაციაში. ვგულისხმობ პუნქტს სირიის ხელისუფლების მიმართ მოწოდებას, რომელიც პირველად გაჩნდა საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტებში. პირველად შევძელით, ეს ჩანაწერი გაჩენილიყო ამ დოკუმენტში, მიუხედავად იმისა, რომ ჯო უილსონს, ვისი დაინიცირებულიც იყო ეს საკითხი, სიტყვა არ ჰქონდა საქართველოზე. მეორე, რომ ზოგადად, სურდათ ჩვენი საქმიანობის დისკრედიტაცია მოეხდინათ. სამწუხაროდ, ეს ახალი არ არის. დასანანია, მედია, რომლის უკან, როგორც ვიცით, დგას ევროპული ფული, ევროკავშირის გადასახადების გადამხდელების ფული, აღმოჩნდა ასეთი დეზინფორმაციის, ყალბი ამბების გავრცელების ავტორი. მზად ვართ, თუ რაიმე ინფორმაცია დააინტერესებთ, ჩავერთოთ, მივაწოდოთ კეთილსინდისიერი ინფორმაცია, დანარჩენი მათ კეთილსინდისიერებაზე იყოს. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვაქვს. ძალიან ნაყოფიერად ვთანამშრომლობდით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან, რომ საქართველოსთვის სასარგებლო ჩანაწერები გაკეთებულიყო. უსამართლო დამოკიდებულების მიუხედავად, მომავალშიც გავაგრძელებთ ყველასთან, მათ შორის, ეუთო-სთან და ყველა პარტნიორთან, რომელთაც აქვთ რეალური ინფორმაციის მიღების სურვილი, მივაწოდოთ ეს ინფორმაცია და, რაც ყველაზე მთავარია, საქართველოსთვის სასარგებლო ჩანაწერები იყოს ასახული ყველა საერთაშორისო დოკუმენტში“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
0
0