
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკუთარი მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ე.წ. პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომელსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სპეკულაციას აწარმოებდნენ, მათ შორის ის პარტიები, რომლებიც არიან „ალდეს“ და სხვა მსგავსი ევროპული გაერთიანების წევრი.
„მე ვგულისხმობ „ლელოს“ და სხვებს, რომლებსაც გარდა იმისა, რომ ტერორისტი ჰყოლიათ საკუთარი გუნდში, ფაშისტური კამპანიებით არიან დაკავებული და ისეთი ტერმინოლოგიით ჟონგლიორობენ, როგორიც არის „არაბიზაცია“ და ა.შ. მარტივი სტატისტიკით ყველაფერს ფარდა აეხადა, საქართველოში სამ მილიონ 900 ათასი არის ბოლო აღწერით, პირველადი მონაცემებითზ მოსახლეობა, საიდანაც მხოლოდ დაახლოებით 250 ათასი არის უცხოელი ანუ 6,5%, საიდანაც 220 ათასი არიან ან უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ქართველები, ან უცხოელები პოსტსაბჭოთა სივრციდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისრაელიდან. ეს არის რეალობა, რომ 250 ათასი უცხოელიდან 220 ათასი ან არის ქართველი უცხოური მოქალაქეებით, ან პოსტსაბჭოთა, ამერიკული და ისრაელის მოქალაქეობით. რაც შეეხება წილს იმ ქვეყნებიდან, რომელზეც სამარცხვინოდ აპელირებენ ე.წ. პროევროპული ძალები, როცა მიგრაციაზე საუბრობენ, იქნება ეს ირანი, თურქეთი და ეს სამეზობლო ქვეყნები, სულ არის 0,7 % მთლიანად საქართველოს მოსახლეობაში. ამით კიდევ ერთხელ წერტილი დაესვა სპეკულაციებს და ფარდა აეხადა, რომ ე.წ. პროევროპული ძალები საქართველოში ცდილობენ მსგავსი სპეკულაციებით დააზიანონ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0