04/08/2023
10:10
საზოგადოება
კაცი, რომელიც ოჯახთან ერთად ვერტმფრენმა სტიქიის ზონიდან გამოიყვანა, აცხადებს, რომ ღამე მესაზღვრეებთან ერთად გაათენეს.
„ბევრი ადამიანია, რომლებთანაც კონტაქტზე ვერ გადიან, მგონი 60-მდე. სადაც მეწყერი ჩამოწვა, დაახლოებით 500 მეტრში ვიყავით. რომ შეგვეშინდა, მერე ზემოთ წავედით. საზღვარზე აგვიყვანეს მესაზღვრეებმა და იქ გავათენეთ ღამე. შოვი წაღებულია მთლიანად, აღარ არის“, - აცხადებს ევაკუირებული მოქალაქე.
შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის 140 მოქალაქე გამოიყვანეს.
ვერტმფრენებთან დგანან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ინიშნავენ სახელებსა და გვარებს და სწორედ ამის მიხედვით ზუსტდება სტიქიის ზონიდან გამოყვანილი ადამიანების რაოდენობა. აქ დგანან ადამიანები, რომლებიც ეძებენ ოჯახის წევრებს, რომლებთან კონტაქტიც მათი თქმით, გუშინ შუადღის შემდეგ არ ჰქონიათ.
ბოლო მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, 50-მდე დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ. მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება. მათ შორის არიან ბავშვებიც.
0
0