
მიაკვლიეთ, ვინ დააფინანსა ეს კონკრეტული ანტიქართული აქცია, ვინ მისცა ფული საია-ს და ბაია პატარაიას - როგორც კი ფულის წყაროს ნახავთ, ნახავთ თუ ვინ მტრობს საქართველოს! - ამ განცხადებით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 6 ოქტომბერს ვარშავაში, ეუთოს ადამიანური განზომილების კონფერენციას, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა თამარ ონიანმა და „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით კვლევა წარადგინეს.
პაპუაშვილმა კვლევას „სასაცილო“ უწოდა და განაცხადა, რომ ანტიქართული კამპანია სრულად დაფინანსებული და დაკვეთილია უცხოეთიდან.
მისი თქმით, „თანამედროვე ტრენდია, რომ ტყუილსა და აბსურდზე სერიოზული სახით უნდა იმსჯელო“.
„საზოგადოების პასუხი უნდა იყოს მარტივი, რომ ეს თაღლითობა „კამიტის“ სახით, რომლის თავსმოხვევაც სცადეს, დიდი ხანია გამსკდარია. ნებისმიერი მცდელობა იმისა, რომ ეს თემა განხილვაში შემოაბრუნონ, კრახისთვის არის განწირული.
ვნახეთ, საბოლოო ჯამში როგორ იქცევიან - მეთოდი ერთი და იგივეა. გარედან ფარულად დაფინანსებული „ენჯეოების“ ხელით რაღაც საინფორმაციო საბაბის შექმნა ხდება, თითქოს ამასთან დაკავშირებით რაღაცა კვლევა არის. რა თქმა უნდა, ამ „ენჯეოებთან“ დაკავშირებით კვლავ კითხვები ჩნდება. ჩვენ საია და ბაია პატარაია ვნახეთ - რა თანხებით დადიან და ვინ აფინანსებს? ჩვენ გამჭვირვალობის რეესტრში მათი ორგანიზაციები და გამჭვირვალობა არ გვინახავს. თუ ამას სახელმწიფოს არ უმხელენ, ეს იმას ნიშნავს, რომ „შავი ფულით“ ფინანსდებიან. ესეც დასტურია იმისა, რომ საქართველოში „შავი ფულით“ სხვადასხვა, მათ შორის ევროპული სტრუქტურებიდან ორგანიზაციების დაფინანსება ხდება.
რაც შეეხება ამ ე.წ. კვლევებს, უკვე სასაცილოა. გუშინ ერთი რაღაც გაურკვეველი ადამიანი აჩვენეს, რომელიც თითქოს ექსპერტად ჰყავდათ წარმოდგენილი. მისი მთავარი კომენტარი იყო ის, რომ აქციის მონაწილეებს მძიმე შედეგი აქვთ, თუმცა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენილს შესაძლებლობა არ არსებობსო. ერთწუთიან კომენტარში თავადვე თქვა, რომ მაკულატურა იყო ის, რისი წარმოდგენაც დამადასტურებელ დოკუმენტად სცადეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0