
სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის რწმუნებული გლდანში მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძეს და ზვიად კუპრავას შეხვდა.
როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი დაკავებულთა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტების შესწავლას გააგრძელებს.
„22 სექტემბერს სახალხო დამცველის რწმუნებული გლდანში განვითარებული მოვლენების შედეგად დაკავებულ სამივე მოქალაქეს შეხვდა. ერთ-ერთმა დაკავებულმა, ნიკანორ მელიამ ისაუბრა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას ელოდება.
საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე) მუხლებით, გლდანში მომხდარი დაპირისპირებისას 3 პირი დააკავეს.
საქართველოს სახალხო დამცველი გააგრძელებს დაკავებულთა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტების შესწავლას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, გუშინ გლდანში, თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ.
მოგვიანებით, ადგილზე ვითარება დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ 3 პირი - პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა.
შსს-მ ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო, ხოლო ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.
თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი კოტე ზარნაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეძგვერაძემ „ნება უნდა იბოძოს და მტკიცებულება დადოს“.
0
0
ყაზახეთში ლგბტ პროპაგანდა აკრძალეს
30/12/2025