
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში ასლან აბაშიძისა და გიორგი ლობჟანიძის წიგნის - „დიპლომატიური და საკონსულო სამართალი“ - პრეზენტაცია გაიმართა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, გამოცემა წარმოადგენს პირველ ქართულენოვან ნაშრომს, რომელშიც დიპლომატიური და საკონსულო სამართალი ერთიან სასწავლო კონტექსტშია წარმოდგენილი. წიგნის მიზანია, სტუდენტებს მიაწოდოს საგარეო ურთიერთობათა სფეროში სპეციალიზებული ცოდნა და ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამართლის ამ ორი ურთიერთდაკავშირებული მიმართულების საფუძვლიან შესწავლას.
სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეკანის, პროფესორ ივანე გიორგაძის თქმით, წიგნში განხილულია დიპლომატიური და საკონსულო სამართლის ძირითადი პრინციპები, ნორმები და ინსტიტუტები. ამასთანავე, გადმოცემულია სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს შექმნისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები, რომელთა საქმიანობაც, საერთაშორისო სამართლის ზოგად პრინციპებთან ერთად, დიპლომატიური და საკონსულო სამართლის ნორმებით რეგულირდება.
„ქართული დიპლომატიის დღის აღნიშვნა და წიგნის - „დიპლომატიური და საკონსულო სამართალი“ - წარდგენა ჩვენი ფაკულტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა. ეს გამოცემა მნიშვნელოვანი შენაძენია ქართულენოვანი აკადემიური ლიტერატურისთვის, რადგან დიპლომატიურ და საკონსულო სამართალს ერთიან სასწავლო-სამეცნიერო კონტექსტში წარმოაჩენს და მკითხველს საშუალებას აძლევს, სიღრმისეულად გაეცნოს საგარეო ურთიერთობათა სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამის ინსტიტუტებსა და საერთაშორისო პრაქტიკას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ნაშრომი ხელს შეუწყობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებისთვის პროფესიული ცოდნის გაღრმავებას და ამ სფეროში ქართულენოვანი საგანმანათლებლო რესურსების გამდიდრებას.
თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების პირობებში დიპლომატიური და საკონსულო სამართლის ცოდნას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, მსგავსი აკადემიური ნაშრომების შექმნა არა მხოლოდ სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ დარგში სამეცნიერო კვლევების განვითარებასა და მომავალი დიპლომატებისა და სამართლის სპეციალისტების პროფესიულ მომზადებასაც ემსახურება“, - განაცხადა ივანე გიორგაძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, გამოცემა მკითხველს სთავაზობს დიპლომატიური და საკონსულო საქმიანობის სამართლებრივი მექანიზმების სისტემურ მიმოხილვას და მნიშვნელოვან სასწავლო რესურსს წარმოადგენს როგორც საერთაშორისო ურთიერთობების, ისე სამართლის მიმართულებით. წიგნი განკუთვნილია სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირებისთვის, დარგის სპეციალისტებისა და საკითხით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისთვის. გამოცემის რედაქტორები არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი როინ მეტრეველი და პროფესორი რომან შენგელია, ხოლო რეცენზენტები - პროფესორები დავით გეფერიძე და ნინო ბოჭორიშვილი.
0
0