14/06/2023
21:46
პოლიტიკა
“თუ ადამიანი ადამიანს შეურაცხყოფის გამო ბოდიშს უხდის, ეს არის ერთი - საქართველოს სახელმწიფოს რუსეთის სახელმწიფოს მიმართ ბოდიში არ მოუხდია”, - ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან გავრცელებულ ჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, ფიგურირებენ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე და მარკ ზილბერკვიტი, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ვიზიტის დროს ახლდა, რასაც პროტესტი მოჰყვა.
ქადაგიშვილის თქმით, როცა საუბარია პროტესტზე და უზრდელობაზე, დიფერენცია შეიძლება.
"არ მინახავს და ახლა რაღაცას უცბად მიყვებით, ამაზე კონკრეტულ კომენტარს ვერ გაგიკეთებთ, მაგრამ ზოგადად, საუბარი იმაზე, რომ პროტესტი, უზრდელობა და ა.შ. შეიძლება, აქ იყოს გარკვეული დიფერენცია.
ოკუპანტი სახელმწიფოს კი არა, თუ ადამიანი ვიღაც კონკრეტულ ადამიანს შეურაცხყოფის გამო ბოდიშს უხდის, ეს არის ერთი, საქართველოს სახელმწიფოს რუსეთის სახელმწიფოს მიმართ ბოდიში არასდროს, ყოველ შემთხვევაში ჩვენი ხელისუფლების პირობებში, არ მოუხდია. ამიტომ ერთმანეთში ცნებებს ნუ აურევთ", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
Youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე საუბრობს ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტ მარკ ზილბერკვიტთან, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ახლდა. ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე მათ, ვინც პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა, „ნაცისტების ჯგუფს“ უწოდებს. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, 2021 წლით არის დათარიღებული და დღეს გავრცელდა.
თავად ზურაბ აბაშიძემ “ინტერპრესნიუსთან“ მარკ ზილბერკვიტთან სატელეფონო საუბარი დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ „შინაარსობრივად დაჩეხილი, დამონტაჟებული ფეიკია”.
0
0