14/06/2023
20:54
პოლიტიკა
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე, ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტ მარკ ზილბერკვიტთან სატელეფონო საუბარს ადასტურებს.
როგორც ზურაბ აბაშიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, სატელეფონო საუბარი 2 წლის წინ შედგა, მაგრამ გავრცელებული ჩანაწერი შინაარსობრივად არის “ფეიკი”.
“რაც შეეხება მარკ ზილბერკვიტს, ის არის კერძო პირი, მე მას ვიცნობ იმ პერიოდიდან, როდესაც მოსკოვში ელჩად ვმუშაობდი. ზილბერკვიტი ოფიციალური პირი არასდროს ყოფილა, არც ახლაა და მგონი, საერთოდ ამერიკაში წავიდა.
მე ვადასტურებ, რომ 2 წლის წინ მასთან სატელეფონო საუბარი მქონდა, მაგრამ შინაარსობრივად ეს საუბარი არის დაჩეხილი, დამონტაჟებული, “ფეიკი”. ეტყობა 2 წლის განმავლობაში ამონტაჟებდნენ ისე, როგორც აწყობდათ. როდესაც მორიგი, უკანონო გზით მოპოვებული სატელეფონო საუბარი ბატონ კარასინთან გამოამზეურეს, მაშინ ვთქვი: საუბარსაც ვადასტურებ და საუბრის შინაარსსაც ვადასტურებ.
ამჯერად ვამბობ: დიახ, საუბარი შედგა, მაგრამ შინაარსობრივად არის “ფეიკი”, ამიტომ შინაარსობრივად კომენტარს არ ვაკეთებ.
საუბარი არის დაჩეხილი, “ფეიკი”. 2 წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ დაამონტაჟო ისე, როგორც გინდა”, - განაცხადა აბაშიძემ.
Youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე საუბრობს ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტ მარკ ზილბერკვიტთან, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ახლდა. ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე მათ, ვინც პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა, „ნაცისტების ჯგუფს“ უწოდებს და პოზნერს ბოდიშს უხდის. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, 2021 წლის 1-ელი აპრილით არის დათარიღებული და დღეს გავრცელდა.
0
0