
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის პრესმდივნად ქეითი ზაქარია დანიშნა.
მისი თქმით, ქეითი ამჟამად კომპანია Truth Social-ის (Trump Media & Technology Group) კომუნიკაციების უფროს მრჩევლად მუშაობს და ამ თანამდებობაზე გამორჩეულად წარმატებულია.
„ქეითი კალიფორნიიდანაა. მანამდე ის აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის პრესმდივნისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობებს იკავებდა. ქეითი პეპერდაინის უნივერსიტეტისა და პეპერდაინის უნივერსიტეტის კარუზოს სამართლის სკოლის გამორჩეული კურსდამთავრებულია, იურისტია და ხშირად გამოდის კომენტატორის რანგში ისეთ მედიასაშუალებებში, როგორებიცაა Fox News-ი და Newsmax-ი“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ამასთან, მისივე თქმით, ქეითი ადრე დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიებშიც მონაწილეობდა და მისი ერთგული მხარდამჭერია.
„ის ადრე ჩემს საარჩევნო კამპანიებშიც მონაწილეობდა და საკვანძო ცვალებად შტატებში მუშაობდა, სადაც შვიდიდან შვიდივე შტატში გავიმარჯვეთ. მას მხარდაჭერის უნაკლო ისტორია აქვს. ის სულ თავიდანვე ჩემი ერთგული და ბრწყინვალე მხარდამჭერია. ის ასევე MAGA-ს ერთგული გულშემატკივარი და წევრია! დარწმუნებული ვარ, რომ ქეითი, როგორც თეთრი სახლის მომავალი პრესმდივანი, ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვან შედეგებს მოუტანს. მას პატივს სცემს მედია, ამერიკელი ხალხი და ჩემი ადმინისტრაცია, რომლებთანაც იგი შესანიშნავად ითანამშრომლებს. ქეითი ჩაანაცვლებს გამორჩეულ კეროლაინ ლევიტს, რომელმაც პრესმდივნის თანამდებობაზე შესანიშნავი სამუშაო შეასრულა. წარმატებები, ქეითი!“ – წერს ტრამპი.
0
0