
2022 წელი ისტორიული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში. ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, რამაც განამტკიცა საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტმა უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში.
„2022 წელი ისტორიული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში. ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩაერთო ევროკომისიის მიერ ქვეყნის შესაფასებლად საჭირო კითხვარის შევსებაში. მთავრობის სწორი პოლიტიკური კოორდინაციისა და ასობით საჯარო მოხელის დაუღალავი შრომის შედეგად, მომზადდა ცხრატომიანი მაღალი ხარისხის ნაშრომი, რომელიც 3 600 გვერდს მოიცავდა. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა საჯარო მოხელეს, პარლამენტის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის.
2022 წლის ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, რამაც განამტკიცა საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ. პარლამენტი უძღვებოდა ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროცესს დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. საერთო ჯამში, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტმა მიიღო 82 კანონი.
საქართველოს პარლამენტმა უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
0
0