23/06/2023
14:48
პოლიტიკა
გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, სვენ გიგოლდმა, რომელიც საქართველოს 19-22 ივნისს სტუმრობდა, ეკონომიკის, ასევე ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანს, სვენ გიგოლდს საქართველოში თან ახლდა გერმანული მცირე და საშუალო კომპანიების დელეგაცია სამშენებლო სექტორიდან. მათივე ცნობით, შეხვედრებზე უმთავრესად საუბარი შეეხო გერმანიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას, საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, გერმანიის მხრიდან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერას და ამისათვის საჭირო რეფორმებს.
სახელმწიფო მდივანმა, დელეგაციასთან ერთად, შეხვედრები გამართა საქართველოს პარლამენტში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებთან.
„საქართველოში თავიდანვე თავი ვიგრძენი ისე, როგორც საკუთარ სახლში, ევროპაში. ღია, მეგობრულ ატმოსფეროში გამართული ყველა შეხვედრა გერმანიასა და საქართველოს შორის კარგი და მჭიდრო ურთიერთობების დასტური იყო. საქართველოსა და გერმანიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება დიდ შესაძლებლობებს იძლევა. კავკასიის რეგიონს აქვს კონკურენციის უპირატესობა განახლებადი ენერგიების წარმოების კუთხით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და რუმინეთს შორის ელექტროკაბელის გაყვანის ინიციატივას, როგორც მომავალში ძლიერი ენერგოკავშირის ელემენტს. საქართველოს მოქალაქეებსა და კომპანიებს შეუძლიათ, სარგებელი მიიღონ არა მხოლოდ ევროპის ქვეყნების ერთიან საგადასახადო სისტემაში (SEPA) ჩართვის, არამედ ევროპაში როუმინგის დაბალი ფასების შედეგად. უნდა გაიზარდოს საქართველოსა და ევროკავშირის ქალაქებს შორის პირდაპირი ფრენების რაოდენობა. ორივე ქვეყანას შეუძლია, სარგებელი მიიღოს კანონიერი შრომითი მიგრაციის გაფართოების შედეგად. საქართველოს შეუძლია, ისარგებლოს მეტი კონკურენციით სხვადასხვა სექტორში. ეკონომიკის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი ქვეყნების ანტიმონოპოლიურ სამსახურებს ინტენსიური ურთიერთთანამშრომლობისკენ მოვუწოდოთ. გერმანიის ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ამის მზადყოფნა უკვე გამოთქვა. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. ამისთვის მთავრობისგან გვჭირდება კარგი ახალი ამბები დემოკრატიასა და სამართლებრივ სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით. მმართველი პარტიის წამყვანი წევრების მხრიდან ანტიდასავლური განცხადებები ამას ხელს ვერ შეუწყობს. ამისათვის საჭიროა დამაჯერებელი ღონისძიებები ძალაუფლების გადანაწილების გამყარების კუთხით, ასევე დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესუსტების სიგნალები არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს“, – განაცხადა სვენ გიგოლდიმ.
0
0