საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე პირველ რიგში ზრუნავს საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი შენატანით ბიუჯეტში და სახელმწიფოს პასუხისმგებლობით, რომელიც ჩვენ აღებული გვაქვს, როგორც ჩვენი ჯარის, ასვე ზოგადად თავდაცვისუნარიანობის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ქართველები, ჩვენი შენატანებითა და გადასახადებით უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. რაც შეეხება უცხოურ მონაწილეობას ამ საკითხში, უპირველეს ყოვლისა ხაზი უნდა გაესვას, რომ ეს თავისი არსით არ არის ცალმხრივი დახმარება. ეს არის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა. განსაკუთრებით როდესაც ახსენებთ აშშ-ს, საქართველოს თავისი წვლილი აქვს შეტანილი სხვადასხვა მისებში ამ ქვეყანასთან ერთად. მაშინ, როდესაც ნატოს წევრების უმეტესობა ან არ აგზავნიდა სამხედროებს ავღანეთში, ან შტაბის იქეთ არ გადიოდა და ცხელ წერტილებში არ გადიოდა, საქართველოს ჯარისკაცები იდგენენ ავღანეთში და იბრძოდნენ ამერიკელებთან ერთად. ამიტომ, ეს არის ურთიერთსასარგებლო საქმიანობა. სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობა რუსეთ-უკრაინის ომის ტყვეობაშია. როგორც კი ეს ომი დასრულდება, ეს მდგომარეობაც შეიცვლება რადიკალურად და დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, როდესაც აშშ კიდევ ერთხელ სწორად დააფასებს საქართველოს პარტნიორობას. საქართველომ წლების განმავლობაში ამერიკელ ხალხს აჩვენა, რომ ის არის ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში. ჩვენ აშშ-ს გავყევით არაერთ ომში და ვიბრძოდით პირველ ხაზზე. იმედი მაქვს, რომ მოვა ის დრო, როდესაც ეს დაფასება დაბრუნდება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
0
0