31/08/2023
09:23
პოლიტიკა
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაგეგმილ იმ ევროპულ ვიზიტებს ეხმაურება, რომლის თაობაზეც მთავრობას თანხმობა ამ დრომდე არ უთქვამს.
მენაბდე წერს:
„სალომე ზურაბიშვილი დღეს ბერლინში მიდის გერმანიის პრეზიდენტთან შესახვედრად. კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტს მთავრობის თანხმობა სჭირდება.
როგორც ირკვევა მან მიმართა მთავრობას, მაგრამ უარი მიიღო.
ამდენად დღევანდელი ვიზიტით ქვეყნის პირველი პირი უზენაეს კანონს არღვევს და იმპიჩმენტის რისკზე მიდის. კაბინეტმა გუშინ განცხადება გაავრცელა და ამაზე უკვე მიანიშნა კიდეც.
იმპიჩმენტისთვის საჭიროა 100 ხმა. ეს ასი ხმა „ოცნებას“ არ აქვს, მაგრამ არც 90 ჰქონდა რამდენიმე თვის წინ და როცა იუსტიციის საბჭოს წევრების დასანიშნად დასჭირდა, კენჭისყრის შემდეგ ტაბლომ 94 მომხრე დათვალა.“ - დაწერა მენაბდემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრა 31 აგვისტოს უკვე დაანონსებული აქვს. საქართველოს მთავრობისგან უარის მიუხედავად, პრეზიდენტმა გერმანიაში გამგზავრება არ გააუქმა.
0
0