31/08/2023
09:18
პოლიტიკა
31 აგვისტო - საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრა უკვე დაანონსებული აქვს.
საქართველოს მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტმა გერმანიაში გამგზავრება არ გააუქმა. ადმინისტრაციის განმარტებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს, სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგასთან საუბრით დაიწყებს.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტზე, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობისგან თანხმობა ვერ მიიღო. უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ევროპაში გამგზავრება მაინც დაანონსდა. ზურაბიშვილის დამოკიდებულება მმართველი პარტიის მხრიდან ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევად შეფასდა.
ოფიციალური ვიზიტების განხორციელებაზე, გერმანიის გარდა, სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ აქვს კიდევ 9 სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტით გამგზავრებაზე. ოფიციალური განცხადება მთავრობის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა. ზურაბიშვილს კონსტიტუციის 2 მუხლიც შეახსენეს, ერთის მიხედვით პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებს სწორედ მთავრობის თანხმობით ახორციელებს, კონსტიტუციის 54 მუხლით კი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე უფლებამოსილი მთავრობაა. "ქართულ ოცნებაში" ინტერესდებიან, რატომ დააანონსა აგვისტოს თვის ბოლოს სალომე ზურაბიშვილმა და მისმა ადმინისტრაციამ მოსალოდნელი ვიზიტები, როდესაც ჯერ კიდევ 3 აგვისტოს მიიღეს წერილობითი პასუხი მთავრობისგან, რომ გერმანიაში ვიზიტზე ნებართვა არ ჰქონდათ.
0
0