
საფრანგეთის ქალაქ ევიან-ლე-ბენში „დიდი შვიდეულის“ სამიტი დაიწყო. შეხვედრის დღის წესრიგის პირველი საკითხია უკრაინა, რომლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე ესწრება ლიდერების შეხვედრას.
საფრანგეთში ჩასვლისას, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ახლა მისი ყურადღება სწორედ უკრაინაში ომის დასრულებაზე იქნება ფოკუსირებული.
როგორც „როიტერი“ წერს, ევროპელ ლიდერებს სურთ დაარწმუნონ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომ უკრაინის პოზიციები გაძლიერებულია და ახლა უკვე ევროპა აქვს აღებული უკრაინის ფინანსური, სამხედრო და პოლიტიკური დახმარების ტვირთი. „როიტერის“ ცნობით, ევროპელ ლიდერებს სურთ, სთხოვონ დონალდ ტრამპს, გადახედოს სტრატეგიას უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით.
მედიის ცნობით, შეხვედრაზე იმსჯელებენ, თუ როგორ მიუდგნენ მოლაპარაკებებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
როგორც „როიტერი“ წერს, ევროპელი ლიდერები ასევე გეგმავენ, გააფრთხილონ დონალდ ტრამპი, რომ ირანთან ზედაპირული დროებითი შეთანხმება, შეიცავს რისკს რომ თეირანი შეძლებს გააძლიეროს ბირთვული და სარაკეტო პროგრამები.
დიდი შვიდეულის სამიტზე, უკრაინისა და ირანის გარდა, განსახილველ საკითხებს შორისაა გლობალური ეკონომიკური დისბალანსი, რომელიც საფრთხეს უქმნის ფინანსურ სტაბილურობას და ხელოვნური ინტელექტის შეუქცევადი აღმავლობა.



0
0