
საფრანგეთის სენატის დელეგაციას შევხვდი, რომელიც აქ საკმაოდ წარმომადგენლობითია, ასევე შვეიცარიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ლორენ ვერლის, საფრანგეთის დელეგაციასთან საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს შეეხო, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის სესიაზე იმყოფება.
სამხარაძის თქმით, ფრანგულმა მხარემ აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესებმა, მათ შორის ომის საკითხმა შედარებით გაართულა არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ ყველა კანდიდატ ქვეყანასთან გაფართოების და მოლაპარაკებების პროცესი, რადგან ბევრი საკითხია, რომელიც უფრო მეტად წინა პლანზე წამოიწია, ვიდრე ეს არის გაფართოება.
„სხვათა შორის ამაში ჩვენ ფრანგ კოლეგებს ვეთანხმებით, რომ ამ მომენტში, ახლა, რა თქმა უნდა, უკრაინისა და უსაფრთხოების საკითხი ბევრად უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე გაფართოება, რომელიც პოტენციურად 2030 წლისთვის არის დაგეგმილი. საუბარი იყო იმაზეც, რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის მიმართულებით ნაბიჯები გადადგას. მეორეს მხრივ, ჩემი მხრიდან თხოვნა იყო საფრანგეთის ხელისუფლების მიმართ, რომ გაიაზროს, თუ რა გეოპოლიტიკურ ვითარებაში არის საქართველო. მათ პირდაპირ ვუთხარი, რომ საქართველო ვერ მოიქცევა ისე, როგორც ესტონეთი იქცევა, რადგან ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება – არც ნატო-ს წევრი ვართ, არც ევროკავშირის და პარლამენტის შენობიდან 35 კილომეტრში რუსული ჯარი დგას. ჩვენ არც უსაფრთხოების გარანტია გვაქვს, ვინმესგან არც ეკონომიკური სოლიდარობის მოლოდინი გვაქვს. შესაბამისად, საფრანგეთმა ეს ვითარება უნდა გაითვალისწინოს, როცა არა მხოლოდ ევროინტეგრაციაზეა საუბარი, არამედ ორმხრივ ურთიერთობებზე. სხვათა შორის, ფრანგული მხარე ამ დიალოგს სრული გაგებით შეხვდა და თქვეს, რომ მათ ესმით, რომ ამ მხრივ საქართველო მძიმე მდგომარეობაშია და უსაფრთხოების თვალსაზრისით გამოწვევები არა მხოლოდ რუსეთისგან არსებობს, არამედ ზოგადად, რეგიონი საკმაოდ პრობლემურია“, – განაცხადა სამხარაძემ.
ამასთან, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, შვეიცარიის წარმომადგენლებთან საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.
„რაც შეეხება შვეიცარიას, ეს ქვეყანა საქართველოს ინტერესების წარმომადგენელია რუსეთში და პირიქით. შესაბამისად, ჩვენ საუბარი ბოლო მოვლენებზე გვქონდა. მათ ინფორმაცია მივაწოდე, თუ რა ხდებოდა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში. ჩემმა შვეიცარიელმა კოლეგამ მითხრა, რომ მათ საგარეო დღის წესრიგში საქართველოს ოკუპაციის საკითხი არის და შვეიცარია აპირებს, რომ მიუხედავად იმის, რამდენად რთულდება ვითარება, მაინც ითამაშოს ეს საკმაოდ პოზიტიური როლი. ასევე საუბარი რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებზე გვქონდა, მათ შორის იმ საკითხებზე, რომელიც ეხება არა მხოლოდ უკრაინის ომის დასრულებას, არამედ ზოგადად, გლობალური საკითხების გადაჭრას. ასევე ეკონომიკურ ვითარებაზე და იმ გავლენაზე ვისაუბრეთ, რაც შეიძლება, ამერიკის მიერ დაწესებულ ახალ ტარიფებს შვეიცარიის ეკონომიკაზე ჰქონდეს და შემდეგ ეს სხვა რეგიონებზე გავრცელდეს. მესამე მნიშვნელოვანი საკითხი სავაჭრო გზები იყო. მათ შორის – დაკავშირებადობა ცენტრალური აზიის და ევროპის კავკასიის გავლით, საქართველოს პორტების გავლით“,- განაცხადა სამხარაძემ.
0
0