
ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლის გაზრდას გააგრძელებს იქამდე, ვიდრე მისი მხრიდან მშვიდობისთვის გულწრფელი მზაობა არ იქნება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
მისი თქმით, უკრაინის ინტერესები ევროპის ინტერესებიცაა.
„„მსურველთა კოალიციის“ პარტნიორები უკრაინაში სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ მიმდინარე მოლაპარაკებების განსახილველად შეიკრიბნენ. ბოლო დღეებსა და საათებში მყარი და დამაიმედებელი პროგრესი დავინახეთ. ჩვენი ზარის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ჩართვას მივესალმეთ. ჩვენ ძლიერი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა გვჭირდება, რადგან ის შედეგს იძლევა. ავიღოთ რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ ჩვენი კოორდინირებული და თანმიმდევრული სანქციების ტალღების მნიშვნელოვანი გავლენა. ისინი ამცირებენ რუსეთის იმ რესურსებს, რომლებიც მას თავისი აგრესიული ომის წარმოებისთვის აქვს. და რადგან ზეწოლა ერთადერთი ენაა, რომელზეც რუსეთი რეაგირებს, ჩვენ გავაგრძელებთ მის გაძლიერებას იქამდე, ვიდრე არ გამოჩნდება ნამდვილი სურვილი, ჩაერთონ მშვიდობისკენ მიმავალ სანდო გზაზე“, – აცხადებს ფონ დერ ლაიენი.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტი მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევასაც ეხმაურება. ურსულა ფონ დერ ლაიენის შეფასებით, მომხდარი შეხსენებაა, რომ უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის ინტერესები კი ევროპის ინტერესებია.
„მაშინ, როდესაც ევროპა და მისი პარტნიორები სრულად არიან ჩართული სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის ძიებაში, გუშინ ღამით რუსეთმა კიევზე თავდასხმების ესკალაცია მოახდინა რაკეტებითა და დრონებით, მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეც კი დაირღვა. ეს კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა. უკრაინის ინტერესები ჩვენი ინტერესებია. ისინი განუყოფელია. სწორედ ამიტომ, ჩვენ კვლავაც მტკიცედ დავუჭერთ მხარს უკრაინას მომავალ მოლაპარაკებებში. ცენტრალური პუნქტია უკრაინის დაფინანსების საკითხი, მათ შორის გაყინული რუსული სუვერენული აქტივების გამოყენება“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე.
0
0