ავსტრალიის ქალაქ მელბურნში, ოთხი ადამიანი - 32 და 37 წლის ორი მამაკაცი, 42 წლის ქალი და 17 წლის ბიჭი, საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში გარდაცვლილი იპოვეს.
ცხედრები, თავდაპირველად, არასრულწოვანი ბიჭის ბიძამ, კორიმ, აღმოაჩინა, რომელმაც ფანჯარა ჩაამსხვრია მას შემდეგ, რაც დისშვილი იატაკზე მწოლიარე დაინახა.
ოთხივე პირი ცოცხალი უკანასკნელად, 24 ივნისს, ღამის 2 საათზე მეზობელმა ნახა. როგორც ცნობილია, გარდაცვლილი ბიჭი 18 თვის გოგონას მამაა. როგორც კორიმ Dailymail-ს განუცხადა, სავარაუდოდ, სიკვდილი ნარკოტიკების გადაჭარბებულმა დოზირებამ გამოიწვია, თუმცა პოლიციამ ეს არ დაადასტურა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებულნი. პოლიციის განცხადებით, ერთ-ერთი გარდაცვლილი აღნიშნულ სახლში მცხოვრები იყო, ხოლო დანარჩენი სამი მასთან სტუმრად იმყოფებოდა. როგორც დეტექტივმა ინსპექტორმა განაცხადა, ბინიდან ამოღებულია ნივთები და ექსპერტიზით საშუალებით დადგინდება, იყო თუ არა მათ შორის ნარკოტიკული საშუალებები.
”ამ ეტაპზე არ იკვეთება, ადგილი ჰქონდა თუ არა ძალადობას, თუმცა გარდაცვლილებს სხეულზე გარკვეული დაზიანებები აღენიშნებათ. ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზირების შესაძლებლობასაც განვიხილავთ”, - განუცხადა დეტექტივმა ჟურნალისტებს.
0
0