15/03/2023
12:40
მსოფლიო
„რუსული სახელმწიფო მედია თავის მოქალაქეებს ასწავლის, რომ უკრაინელი ბავშვები უნდა დაიხრჩონ. რუსეთი თავის ხალხს არწმუნებს, რომ გენოციდი ნორმალური მოვლენაა, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მისსავე კულტურას,“ - განაცხადა იელის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორმა ტიმოთი სნაიდერმა გაეროს უშიშროების საბჭოში. მისი თქმით, რუსეთისთვის ზიანის მომტანი მისივე პოლიტიკაა და არა დასავლეთი.
ექსპერტი რუსეთის სახელმწიფოს უკრაინაში შეჭრის შემდეგ 750 000 მოქალაქის ქვეყნის იძულებით დატოვებამდე მიყვანაში ადანაშაულებს.
"თუ რუსეთში დგახართ წარწერით "არა ომს", დიდი ალბათობით, დაგაპატიმრებენ. თუ უკრაინაში დგახართ წარწერით "არა ომს", მიუხედავად იმისა, რომელ ენაზეა ეს დაწერილი, არაფერი დაგემართება. რუსეთის პრეზიდენტის განმეორებით განცხადებებში, რომ უკრაინა არ არსებობს, გენოციდის ნორმად გადაქცევას ვხედავთ. ეს ჩანს ასევე რუსეთის სახელმწიფო მედიის გენოციდურ ფანტაზიებშიც, როდესაც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია აცხადებს, რომ უკრაინელი ბავშვები უნდა დაიხრჩონ. დიდ ბრიტანეთს რუსეთთან ორი ომი ჰქონდა, თუმცა ჩვენ რუსოფობი არ ვართ. რუსოფობია ერთ-ერთი მუდმივი მზარდი საბაბია, რომელიც რუსეთის მთავრობამ მის მიერ წამოწყებული ომის გასამართლებლად მოიფიქრა,“ - აღნიშნა ტიმოთი სნაიდერმა.
როგორც დიდი ბრიტანეთის მინისტრის მრჩეველმა ფერგუს ეკერსლიმ განაცხადა, დიდი ბრიტანეთი არ განიცდის რუსოფობიას, რაშიც კრემლი უკრაინის დასავლელ მოკავშირეებს ადანაშაულებს.
"ჩვენ ერთად ვიბრძოდით ორ მსოფლიო ომში. მე თვითონ შვიდი წელი გავატარე რუსული ენის, რუსეთის ისტორიისა და მისი შესანიშნავი ლიტერატურის შესწავლაში. ჩვენ არ გვინდა, რომ რუსეთი, როგორც სახელმწიფო, დამარცხდეს. პირიქით, ჩვენ გვინდა, რომ რუსეთი იყოს აყვავებული და სტაბილური ქვეყანა - მაგრამ ისეთი, რომელიც არ შეიჭრება არავის ტერიტორიაზე და არ ეცდება თავისი მეზობლების ანექსიას“, - განაცხადა ფერგუს ეკერსლიმ.
0
0