
უკვე რთულია, სერიოზულად შეაფასო ევროპარლამენტი და მისი რეზოლუციები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის მიერ უკვე მეცხრე რეზოლუციაა უკვე, მიღებული ქართველი ხალხის მიმართ მტრული ქვეტექსტით.
„გასაკვირიც აღარაფერი არის. ვხედავთ ხოლმე, რომ შემოდგომა და გაზაფხული არის პერიოდი, როდესაც განსაკუთრებული გამწვავება ემართებათ ანტიქართულ ჯგუფებს. ერთის მხრივ EPP, სააკაშვილი რომ მთავარ დემოკრატად მიაჩნიათ დღემდე, ის პარტია, ღირებულებით უფსკრულში მყოფი პარტიული გაერთიანება, მეორეს მხრივ, ვხედავთ კვლავ პოსტსაბჭოთა ლიდერებს, გორბაჩოვის თანამებრძოლ იუკნევიჩიენეს, ასტრახანელ გერმანელებს და ა.შ., ადამიანებს, რომლებიც სუფთა საბჭოთა მენტალიტეტის მატარებლები არიან, ამიტომ აქ გასაკვირი არაფერი არის. 9 რეზოლუცია გვაქვს უკვე ასეთი ნანახი, სადაც სანქციების დაწესებას ითხოვენ, მესამე რეზოლუცია არის, სადაც ჩემი სახელი და გვარი ამოვიკითხე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ევროპარლამენტი ცივილიზაციურ უფსკრულშია.
„ჩვენ უნდა შევხედოთ შემდეგნაირად, ჩვენ რომ ვსაუბრობთ, რომ ევროკავშირს მიაქანებენ ცივილიზაციურ უფსკრულში, ევროპარლამენტის შემთხვევაში, ის უკვე იქ იმყოფება. ევროპარლამენტი ცივილიზაციურ უფსკრულში და იქიდან გვესაუბრება. ამიტომ, იმისთვის, რომ საერთოდ ღირსად ჩავთვალოთ, რომ რაიმენაირი განხილვის საგანი იყოს, ჯერ ამ ცივილიზაციული უფსკრულიდან უნდა ამოვიდეს ევროპარლამენტი და შემდეგ შეიძლება, რაიმე წონა შეიძინოს მათმა საუბარმა. მოგვაგონებს საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობას ერთი ერთში, ზუსტად იგივე ესთეტიკაა. დღესად შეგიძლიათ, ნახოთ ინტერნეტში 1989 წლის მაისის სახალხო დეპუტატთა ყრილობა, 9 აპრილის შემდეგ, სადაც ზუსტად, როგორც გუშინ გვლანძღეს ქართველები ევროპარლამენტში, ასე გვლანძღავდნენ რუსი, თუ ზოგიერთი არარუსი დეპუტატი, საბჭოთა დეპუტატები, ზუსტად იმავე ლანძღვას ვისმენდით მაშინ. რა უნდა ყოფილიყო ჩვენი რეაქცია, როგორც მაშინ ყურადღება არ მივაქციეთ ქართველმა ხალხმა იმ ლანძღვას, რომელიც მოდიოდა ამ ყრილობიდან, ასევე არ უნდა მივაქციოთ ამ ლანძღვას ყურადღება, პირდაპირ ზიზღს, რომელიც ჩანს, რომ ზოგიერთ ევროპარლამენტარს პირდაპირ ქართველი ხალხის მიმართ აქვს. რასა იუკნევიჩიენეს უბრალოდ ვეზიზღებით ქართველები, ადამიანს ეტყობა მის ლექსიკაში, რიტორიკაში, ყველაფერში. მას პირად მტრად ჰყავს სტალინი და ქართველი რადგან იყო სტალინი, ეს ზიზღი აქვს ქართველების მიმართ, რომელიც ვერ მოუნელებია. ევროკავშირს თუ უნდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ასეთი ევროპარლამენტით ის ჩვენ წევრად ვერ მიგვიღებდა. ჩვენ ასეთ ხალხთან საერთოდ დარბაზში დასაჯდომი არაფერი გვაქვს, ხალხთან, რომელთაც პირდაპირ ზიზღი აქვს ქართველების მიმართ და ამ ზიზღის გადმოფქვევისთვის იყენებენ ევროპარლამენტის დარბაზს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია 8 ოქტომბერს მიიღო.
0
0